12 ნოემბერი, 2022

ნიკო ფიროსმანისა და აქტრისა მარგარიტას საოცარი ისტორია

გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანისა და აქტრისა მარგარიტას შესახებ არაერთი საინტერესო ამბავი ვრცელდება. ანი ანდრონიკაშვილი მათ შესახებ საოცარ ისტორიას გვიზიარებს:

“ყველასთვის ცნობილია, რომ მიუხედავად იმისა სიცოცხლეშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, უდიდესი ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი ნიკო ფიროსმანი სიღატაკეში ცხოვრობდა და ნახატებს ხშირად საჭმლის სანაცვლოდ ხატავდა. მსოფლიო აღიარება მას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეხვდა. ალბათ ყველამ იცით ლეგენდა იმის შესახებ, რომ ფიროსმანმა მთელი თავისი ქონება გაყიდა და ამ ფულით ყვავილები იყიდა, რომელიც მიართვა მსახიობ ქალს…

ქალის შესახებ, რომელიც ფიროსმანის შთაგონება იყო, საკმაოდ ცოტა რამ არის ცნობილი. არსებობს დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ მარგარიტა საქართველოში ნამდვილად იყო ჩამოსული 1905 წელს. მაშინდელ გაზეთებში არის მომღერალ-შანსონის გამოსვლის ანონსები. მოცეკვავე და მსახიობი ქალის, მარგარიტა დე სევრის, მინიატურების თეატრ “ბელ ვიუ”-დან.

გადმოცემის მიხედვით, ნიკო ფიროსმანმა ის პირველად აფიშაზე ნახა და შეუყვარდა. სწორედ მაშინ დახატა თავისი ცნობილი შედევრი “აქტრისა მარგარიტა”.

საკუთარ დაბადების დღეზე , ფიროსმანმა თავისი დუქანი გაყიდა , მთელი ფულით კი შეისყიდა ქალაქში გასაყიდად გამოტანილი ყველა ყვავილი და 9 ურმით მარგარიტას სასტუმროს მიაყენა. ლეგენდის თანახმად, მსახიობმა დაინახა ყვავილების ზღვა, გამოვიდა მხატვართან და აკოცა. თუმცა ისტორიკოსების მტკიცებით, ისინი არასდროს შეხვედრილან. ნიკალამ ქალს ყვავილები გაუგზავნა, თვითონ კი მეგობრებთან ერთად საქეიფოდ წავიდა.

“Миллион алых роз” – მილიონი ვარდი, რომლის შესახებაც ცნობილ სიმღერაშია საუბარი, ასევე ლეგენდაა. რასაკვირველია, ყვავილები არავის დაუთვლია, ურმებზე კი ვარდების გარდა, იასამანი, აკაცია, ბეგონია, ლილია, ტიტა, პიონი და სხვა მრავალი ჯიშის ყვავილი იდო, რომლებსაც ურმიდან პირდაპირ ქუჩაში ცლიდნენ.

აქტრისა მარგარიტამ ნიკალას მოსაწვევი გაუგზავნა, რომელიც მას არ გამოუყენებია. ბოლოს, როცა გადაწყვიტა მისვლა, მარგარიტა უკვე ქალაქში აღარ იყო. გავრცელდა ხმები, რომ ის თავის მდიდარ თაყვანისმცემელთან ერთად გაემგზავრა და თბილისში არასდროს აღარ დაბრუნებულა.

1968 წელს, ლუვრში ნიკო ფიროსმანის გამოფენა მოეწყო. ის უკვე 50 წლის გარდაცვლილი იყო. ამბობენ, აქტრისა მარგარიტას პორტრეტთან დიდი ხნის განმავლობაში ასაკიანი ქალი იდგა . თვითმხილველები ქალის და ნახატზე გამოსახული მარგარიტას თვალების საოცარ მსგავსებას აღნიშნავენ.

“მე მარგარიტა დე სევრი ვარ”- აღიარა ქალმა გამოფენის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე. მოხერხდა მისი ფოტოზე აღბეჭდვაც.”