7 ნოემბერი, 2022

ნაკლებად ცნობილი ფაქტები ერეკლე მეფეზე

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფის – ერეკლე მეორის მიმართ ინტერესი დღესაც არ განელებულა.

მის შესახებ საინტერესო წერილს ზურა ბალანჩივაძე გვთავაზობს:

“7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში დიდი დღეა, რადგან ერეკლე II-ის დაბადების დღეა. მე-18 საუკუნის მე-2 ნახევრის საქართველო რომ ევროპულ რუკებზეც ჩნდება, ეს სწორედ ქართლ-კახეთის ამ მეფის დამსახურებაა. მეფისა, რომელმაც მოახერხა და აღმოსავლეთის სატახტო ქალაქ თბილისში 50-წლიანი მშვიდობა დაამყარა, რაც გაერთიანებული საქართველოს დაშლის შემდეგ, პრაქტიკულად არ ღირსებია ქალაქს.
ერეკლემ შეცვალა საქართველოს ვექტორი მუსლიმური სამყაროდან ქრისტიანულისკენ, ამჯობინა რა რუსეთთან კავშირი სპარსეთ-ოსმალეთს. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა ჩვენთან რუსეთის მოღალატეობრივი პოლიტიკის ამბები, მაგრამ ნათლად ხედავდნენ, რომ რუსეთი ცუდსა და უარესს შორის უმჯობესი ვარიანტი იყო…

მოგვიანებით კი გაირკვევა, რომ რუსეთი თანასწორობას ვერ იტანს და მოკავშირეც კი გაუბედურებული უნდა, რომ მასზე იბატონოს. კრწანისის ომიდან სამიოდე ათეულ წელიწადში კი ერთმორწმუნე უფროსი ძმა ქართულ ტაძრებში ფრესკებს შეათეთრებს და გააქრობს.

დღეს ერეკლე II-ის შესახებ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფაქტს გეტყვით:

„მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონი ირაკლისა“ – წარწერა ერეკლეს ხმალზე.

პირველი საომარი გამარჯვება 15 წლისამ მოიპოვა ლეკების წინააღმდეგ. მაშინ მან ლეკებს ქიზიყის დარბევა არ აპატია.

18 წლის ერეკლემ საომარი სკოლა სპარსეთის შაჰ ნადირთან გაიარა და ბევრ ბრძოლაში იყო ჩაბმული, მათ შორის, ომებში ავღანეთისა და ინდოეთის წინააღმდეგ.

ერეკლეს დროს შეიქმნა შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის, საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი, შაქრისმწარმოებელი ქარხნები, სამღებროები.

ერეკლე II იყო ერთადერთი ქართველი მონარქი, რომელსაც ევროპული (ინგლისური, ფრანგული, ჰოლანდიური) პრესა მოიხსენიებდა და თან პრინცი ჰერაკლიუსის სახელით.

ამ ტიტულატურით არის ერეკლე II მოხსენიებული გეორგიევსკის ტრაკტატში 1783 წელს: მემკვიდრე და ხელმწიფე მფლობელი კეთილნებობითა, მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსა, მთავარი მთავარი შამშადილისა, მთავარი კახისა, მთავარი შაქისა, მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა.

ერეკლე მეფე სამჯერ შეუღლდა და საქართველოს მეფეთა შორის ერთ-ერთი მრავალშვილიანი იყო. ზოგი წყაროებით მას 21 შთამომავალი ჰყავდა. თბილისში, ღვინისა და მეტეხის აღმართებს შორის მდებარე დარეჯანის სასახლე ეკუთვნოდა მის მესამე ცოლს, ყველაზე ამბიციურ დედოფალს და ყველაზე მეტი – 19 შვილის დედას.

ერეკლე II გარდაცვალებიდან მე-40 დღეს დაკრძალეს სვეტიცხოველში. მანამდე მეფე თელავში განისვენებდა, ხოლო დაკრძალვისას მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი მიაცილებდა, რადგან მაშინ საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა.”