30 ნოემბერი, 2022

ჯემალ ქარჩხაძის უმნიშვნელოვანესი წერილი

მწერალმა ჯემალ ქარჩხაძემ უმნიშვნელოვანესი წერილი დაგვიტოვა ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ტოვებენ:

“ადამიანი ღვთით თავისუფალი იბადება და, ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, უფლება აქვს იცხოვროს იქ, სადაც მოისურვებს.

რაც შეეხება კონკრეტულ ვითარებას, ემიგრაცია რომ სულ უფრო მასობრივ ხასიათს იღებს, ეს უპატრონო ქვეყნის ტრაგედიაა და ამ ტრაგედიაში ყველაზე ნაკლებ ის არის დამნაშავე, ვინც ემიგრაციაში მიდის.

ჩვენში ჯერ კიდევ მოდაშია ყველაფრის ხალხისთვის გადაბრალება და ჭკუასაც ჯერ კიდევ ფარისევლები გვასწავლიან. როგორც თავის დროზე ცრუიდეალისტები და ცრუპატრიოტები ცრუ ცრემლებს ღვრიდნენ – წახდა ხალხი, ვაზს ჩეხავს და საზამთროს თესავსო, ისე ახლა მათი დღევანდელი მოძმეები იმაზე ღვრიან ცრუ ცრემლებს, ქართველები უცხოეთში მიდიან იმის ნაცვლად, რომ სამშობლოში დაიხოცონ შიმშილითო.

ენთუზიაზმს ჯერ სიკეთე არ მოუტანია. როცა სახელმწიფოს იმის თავი არა აქვს, მოქალაქეს უპატრონოს, მოქალაქემ თვითონ უნდა უპატრონოს თავს. ცხადია, მეც მირჩევნია კარგი, გონიერი, ნიჭიერი ქართველები საქართველოში ცხოვრობდნენ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ნიჭის სრული რეალიზაცია მხოლოდ საკუთარ ნიადაგშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ვითარება ამის საშუალებას არ იძლევა, ისა სჯობს, წავიდეს და ნაწილობრივ მაინც დახარჯოს ის თავისი ნიჭი, ვიდრე აქ „პატრიოტულად“, მაგრამ უქმად ჩაკლას.

რაც შეეხება ფულის შოვნას, როცა კომუნისტები ფსიქიკას გვიწამლავდნენ, მაშინ ფულის მიმართაც უკუღმართი დამოკიდებულება ჩაგვიჭედეს თავში, თორემ მთელი მსოფლიო ძირითადად ფულის შოვნითაა დაკავებული და ეს საქმე ფარისევლების მეტს ჯერ სათაკილოდ არავის გაუხდია.

მთავარი სხვა რამ არის. მთავარია, როცა ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთში მიდიან, ცოტაოდენი ღირსება წაიღონ თან, ცოტაოდენი მორალური საყრდენი და ცოტაოდენი პასუხისმგებლობის გრძნობა იმ დაბეჩავებული, დამცირებული, ყველა შინაურისა და ყველა გარეულისათვის ადვილად ხელწამოსაკრავი ქვეყნის წინაშე, რომელსაც ჯერ კიდევ მათი სამშობლო ჰქვია.”