17 ნოემბერი, 2022

გალაკტიონ ტაბიძის დაუვიწყარი წერილი

პოეზიის მეფის – გალაკტიონ ტაბიძის ლექსებზე შთამბეჭდავი მისი წერილებია. უბის წიგნაკში ჩაწერილი პატარ-პატარა ამბები გენიალური პოეტის სულიერ სამყაროში გვამოგზაურებს:

“ჩემს თვალწინ სდგას საშინელი სიღარიბე, ვინაიდან მისპობენ საარსებო წყაროებს..
საშინელებაა, როცა ადამიანი „წელებზე ფეხს იდგამს“.

საზიზღრობაა, როცა ადამიანი თავს ვერ აღწევს ბორკილებს, რომელსაც ადებს სიღარიბე.

მიწასთან გასწორებაა, როდესაც ადამიანი ერთსა და იმავე ძონძებში დადიხარ წლობით, როცა ნატრობ სუფთა პერანგს – ვინაიდან საშუალება არა გაქვს, დაიქირავო მრეცხავი, როცა ჰკარგავ თავმოყვარეობას, ან როცა ემალები ხალხს, მის მაგიერ რომ თავისუფლად და დამოუკიდებლად იარო ხალხში, და ეს აჩრდილი სიღარიბისა – ეხლა უკვე აჩრდილი კი არა, რეალური სახეა ჩემთვის.

მე ბუნებით არა ვარ შურიანი და ბოროტი ადამიანი, მაგრამ სიღარიბეს შეუძლია ასეთად გამხადოს.

საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არა ჰგავს. საზოგადოება ყოველ ძალასა და ღონეს ხარჯავს, რათა ადამიანი ძირს დაანარცხოს მაღალ საფეხურიდან, ან, ყოველ შემთხვევაში, უსახო კაცად გახადოს – ადამიანი – ადამიანური სახის მქონე. ამიტომ საჭიროა ბრძოლა. ბრძოლა არსებობისათვის!

დღესაც ავადა ვარ. მუშაობა არ შემიძლია. საერთოდ მდგომარეობა კატასტროფულია. არსაიდან ჯერჯერობით იმედი არა მაქვს, რომ საიდანმე გაჩნდება სულ ცოტა მაინც ფული, რომ პაპიროსი მაინც მექნეს, თუ სადილი არა.

წიგნი გამოვა ერთი ან ორი თვის შემდეგ. მანამდე? მანამდე? რა უნდა ვქნა მანამდე? ხომ შეიძლება შიმშილმა წამაქციოს სადმე მანამდე?

დავიხურე ქუდი და ოთახიდან გავედი. აქ, მახლობლად სამკითხველოა, რომელიც ცხრა საათზე იხურება. ეხლა სამი საათია, მაშასადამე, მთელი ექვსი საათი მე შემიძლია გავატარო სამკითხველოში.

მშიერი ვზივარ სამკითხველოში ექვსი საათის განმავლობაში. ვკითხულობ გაზეთებს, ჟურნალებს. დამავიწყდა შიმშილი. დამავიწყდა, რომ ავადა ვარ. ავად! მერე როგორ ავად!
და გახდა ცხრა საათი. დახურეს სამკითხველო. ძალაუნებურად უნდა გამოხვიდე…

მოვედი სახლში, ჩავიკეტე კარები და ვწევარ. მწოლიარე კაცი უკეთესად იტანს შიმშილს…”