15 ნოემბერი, 2022

დიდებული ზვიად გამსახურდია

რაც დროს გადის, ზვიად გამსახურდიას ნაშრომები სულ უფრო ძვირფასი ხდება.

“არტ ინფო” გთავაზობთ ძალიან საინტერესო ჩანაწერს: “ზვიად გამსახურდია. დილემა კაცობრიობის წინაშე”:

“შენ დაბრძანდები დიდი ქალაქის ქუჩებში, ვიწრო მეგობართა წრეში ოპოზიციურად ყბედობ, სიტყვით გმირი ხარ, საქმით კი, ყოველნაირად თავს არიდებ სიმართლისათვის ომს, რომელსაც აწარმოებენ შენი მოყვასნი, ნიადაგ ციხისა და სიკვდილის საფრთხის ქვეშ მდგომნი. შენ არად გენაღვლება ციხეებსა და ბანაკებში ჩაყრილი ადამიანების ბედი, რომელთაც ნელი წამებით კლავენ, აავადებენ, შენ მათზე ფიქრსაც კი თავს არიდებ, შენ განდევნე ისინი შენი ცნობიერების ველიდან, შენთვის ისინი “რაპიროვნებანი” არიან. როგორც ეს ორუელის ცნობილ რომანში ხდება, ამით კი შენ თავად ხდები ფიტული კაცისა, სნობი სნობთა შორის, ყბედობის სენით დაავადებული. თანდათან შენი ცხოვრების წესი მიგიყვანს დეგრადაციამდე, ამორალიზმამდე, ბოლოს შენ შესაძლოა შეიძულო შენი მოყვასი, რომელიც თავს სწირავს სიმართლისა და სიკეთისათვის ბრძოლაში, შენ მისთვის იწყებ ათასგვარი ატრიბუტების გამოგონებასაც: ,,უცნაური”, ,,დონ-კიხოტი”, ,,პოზიორი”; იწყებ მის წვრილმან ნაკელში ქექვას, მის კრიტიკას, მოკლედ, გსურს დაასაბუთო შენი გზის სისწორე, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავხარ.

სამწუხაროა, მაგრამ ამგვარ გზას დღეს ჩვენში უპრინციპო ან უმსოფლმხედველო ხალხი როდი მიყვება მხოლოდ. აქ “ქრისტიანთა” ხმებიც გაისმის, კვიეტიზმის მქადაგებელთა, ისინი გმობენ ხმის ყოველგვარ ამაღლებას ბოროტების წინააღმდეგ. ეს სიტყვით ქრისტიანები, ხოლო საქმით გაიძვერა ფარისევლები საღმრთო წერილსაც კი იშველიებენ თავიანთი სილაჩრისა და სიბილწის გასამართლებლად, თან ავიწყდებათ უზენაესი ცოცხალი მაგალითი საღმრთო წერილისა, იესო ქრისტე, რომელიც ადამიანთა მოდგმის ხსნისათვის, სიმართლისა და სიქველის იდეალებისათვის, ბოროტების მხილებისათვის ჯვარს ეცვა. ამ ადამიანებს კი ჯვარცმა უკიდიათ ხშირად თავიანთ ოჯახში მოოქროვილი, ვითარცა კედლის სამკაული, ხოლო თავად არ სურთ ეცვან ჯვარს, ასეთ “ქრისტიანებს” ჭეშმარიტად ათეისტები სჯობიან, რომლებიც ადამიანის ღირსებებისათვის და უფლებებისათვის იბრძვიან უშიშრად. ამ ათეისტებმა, მართალია სულიერად ვერ გააცნობიერეს დილემა, მაგრამ იგრძნეს იგი ესოდენ ძალუმად, რომ მათი ცხოვრება მთლიანად გარდაიქმნა, მათი ნებელობა ღვთის სამსახურში ჩადგა, ისინი დიდი გულისა და შეგრძნებების ადამიანები არიან, რომლებიც ხშირად, საღვთო გზასაც პოულობენ ხოლმე თავიანთი მაღალი იდეალის სამსახურში ან იმ ცხოვრებისეული ტანჯვის შედეგად, რომელიც გარდაუვალი ხდება მათთვის ამ გზაზე. სიმართლისათვის თავდადებამ არ შეიძლება არ მიგვიყვანოს სიმართლისა და სიკეთის წყარომდე – ღმერთამდე.

აქედან გამომდინარე, დგას დილემა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ერთის მხრივ მოქალაქეობრივი თავგანწირვა, ნიადაგ სინდისის კარნახით მოქმედება, სულიერი იდეალების პირველ პლანზე დაყენება, ხოლო მეორეს მხრივ, ფილისტერული, თვითკმაყოფილი ფსევდოპრაგმატიზმი, სინდისის ხმის ჩახშობა საკუთარ სულში, თვალის დახუჭვა ყოველგვარ უმსგავსოებაზე, რომელსაც სჩადის ესა თუ ის საზოგადოებრივი წყობა თუ ცალკეული ადამიანი. ეს გახლავთ ის მწვავე დილემა, რომელიც დგას დღეს ყოველი ჩვენგანის წინაშე. აი ის კითხვები, რომლებზეც პასუხის გაუცემლობა აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო მდგომარეობამდე. აი მთავარი ფესვი ყველა დღევანდელი სოციალური და ადამიანური ბოროტებისა! ჩვენ ვამტკიცებთ: XX საუკუნის ადამიანს გაუმწვავდა აღქმა შეგრძნება ამ დილემისა. ამავე დროს ცხადია: ადამიანური ცნობიერების ამ განვითარების სხვადასხვა დონეებზე ამ დილემის აღქმა სხვადასხვაგვარია და მასზე რეაგირებაც. ამას განაპირობებს აგრეთვე სოციალური მდგომარეობაც, ბიოლოგიური სრულფასოვნება – არასრულფასოვნება, მატერიალური და ეკონომიური პირობები, რასული თუ ეთნიკური წარმომავლობა და ა.შ. ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აბსოლუტიზირება რომელიმე ფაქტორისა. ყველა შემთხვევაში ინდივიდუალობასთან გვაქვს საქმე და ამიტომ სურათიც უაღრესად ნაირგვარია.

ჩვენი გაგებით ამ დილემის გაუცნობიერებლობა არანაკლებ დამღუპველია ადამიანისათვის, ვიდრე მისთვის შეგნებულად ზურგის შექცევა, ვინაიდან ქვეცნობიერად, ინსტიქტურად ყველა ადამიანი გრძნობს მის დიდმნიშვნელობას და ბედითობას.

არსებობს ადამიანთა განვითარების უსასრულოდ ნაირგვარი დონეები. დღევადელი დიდი ადამიანისათვის კი დილემის პირისპირ არ არსებობს ჭოჭმანი. მათ იმთავითვე აირჩიეს ამ დილემის პირველი მხარე (ცხადია, მათაც ინდივიდუალური მიდგომითა და ნიუანსებით). ღრმა რელიგიურობა, ჭეშმარიტად იდეალისტური მსოფლმხედველობა დამახასიათებელია მათი უმრავლესობისათვის. მათი მორალი, ეთიკური სრულყოფა, მათი თავდადება იდეალისათვის, მათი ცხოვრებისეული მარტვილობა მისაბაძია კაცობრიობის შეგნებული ნაწილისათვის. ეს დიდი ადამიანები იმგვარად როდი იტანჯებიან, როდი განიცდიან იმგვარ ქენჯნას, როგორც ნიცშე ან ტოლსტოი, რომელთა შინაგანი ბრძოლა იმაზე მიგვანიშნებდა, რომ ისინი მაინც ვერ იდგნენ მყარად თავის ნიადაგზე, მაინც მსხვერპლნი იყვნენ იმ გაორებისა, რომელმაც საუკუნის სენად იჩინა იმჟამად თავი. მე-20 საუკუნის მნათობნი კი ტიტანური ურყეობითა და იდეალის სამსახურში თანმიმდევრობით გვაოცებენ. მათი მარტვილობა არა მათი პირადული ქენჯაა, არამედ ურვაა კაცობრიობისათვის. მათი აზროვნება არ ვარდება ურთიერთის გამომრიცხავ უკიდურესობებში და შემდეგ ქაოტურად არ იბინდება კვლავ ახალი სინთეზის ძიებაში.

მათი მოქალაქეობრივი მრწამსი უქცევია ისევე, როგორც მათი გადაწყვეტილება საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებისა კაცობრიობის საკურთხეველზე. აი როგორია დღევანდელი დიდი ადამიანების მიმართება კაცობრიობის წინაშე მდგარი დღევანდელი დილემისადმი. ამით ისინი უფრო ძველი ეპოქის მოძღვრებსა და წმინდანებს ჰგვანან, ვიდრე მე-19 საუკუნის გაორებულ გენიოსებს. ე.წ. დისიდენტური მოძრაობა დღევანდელ საბჭოეთში ამ დიდი ადამიანების კვალს მისდევს. დისიდენტებმა აირჩიეს პირველი მხარე ამ დილემისა, მაგრამ არა ერთნაირი წარმატებითა და გაბედულებით. უთუოდ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მათ შორისაც არის დონეები მსხვერპლის გაღებისა, ჭეშმარიტი გზის არჩევისა, ამ გზაზე გამბედაობისა თუ შორსმჭვრეტელობისა. იგივე გახლავთ მიზეზი მათ შორის პაექრობისა და ზოგჯერ შუღლისა. ჩვენ აქ კონკრეტულ მაგალითებს აღარ მოვყვებით, რათა რომელიმე პიროვნება არ გავანაწყენოთ ან შეცდომა არ დავუშვათ კონკრეტულ შეფასებაში.

საბედისწერო დილემის წინაშე გმირულად იდგნენ აგრეთვე მე-20 საუკუნის მისიონერები. ისინი, ვინც საკუთარი კეთილდღეობისა და სიცოცხლის ფასად დღესაც აგრძელებენ მაცხოვრის მიბაძვას და ნერგავენ სიყვარულისა და ჭეშმარიტების სახარებას არაცივილიზებულ, ჩამორჩენილ ტომებში… ჩვენ მოწმენი გავხდით უკანასკნელ ხანებში უგანდის მთავარეპისკოპოსისა და სხვა მრავალი მისიონერის მხეცური მკვლელობისა. ისინი ჭეშმარიტად პირველქრისტიანი მოწამეებისა და შუასაუკუნეთა რჩეულ მარტვილთა დიდ საქმეთა გამგრძელებელნი არიან ჩვენს რთულსა და ტრაგიკულ დროში. იგივე ითქმის ზოგიერთი ბუდისტი მისიონერის გამო. განსაკუთრებით საბჭოთა ციხის ჯალათთა მიერ მხეცურად მოკლული ბურიატელი მისიონერის, შესანიშნავი მოქალაქისა და მოაზროვნის ბიდია დანდარონის შესახებ.

ასეთივე ნათელი და მაღალი მაგალითია ცხოვრება და მოქალაქეობა ჯონ ბრაუნისა, მარტინ ლუთერ კინგისა, ალბერტ შვაიცერისა, ამროსი ხელაიასი და სხვათა. ყოველივე ამით ცხადი ხდება, რომ მე-20 საუკუნის კაცობრიობის მასის ტოტალური გადაგვარება და განურჩევლობა ერთი მხარეა სასწორისა, რომელსაც უპირისპირდება მაღალი მორალური შეგნება დღევანდელი კაცობრიობის რჩეულთა. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სამართლიანობისათვის მებრძოლნი, თუნდაც დიდი ცდომილებებითა და გზააბნეულობით რომ გამოირჩევიან, მაინც მიედრებიან ამ რჩეულებს, უკეთუ მათი ბრძოლა და მარტვილობა გულწრფელია და ქვენა მიზნებისაგან კიდეგან მდგარი.
შესაძლოა გაგვაოცოს მცირერიცხოვანობამ დასახელებული მაგალითებისა, მაგრამ ჩვენ შევახსენებთ მკითხველს, თუ რაოდენ ვიწროა გზა ხსნისა და რაოდენ ფართოა გზა წარწყმენდისა და გადაგვარებისა, სახარების ფორმულით რომ ვთქვათ. იგივე გახლავთ მიზეზი საბჭოთა კავშირში დისიდენტთა მცირერიცხოვანებისა, რომელიც ხელზე აქვს დახვეული ჭეშმარიტებისა და სიკეთის მარადიულ მტრებს, რომელნიც ნიადაგ გაჰყვირიან: ,,შეხედეთ ამ ერთი მუჭა გროვას, გზააბნეული და ხალხსმოწყვეტილი ადამიანებისა! ნუთუ ისინი გამოხატავენ მრავალმილიონიანი მასების ნებას? ნუთუ მათ გააჩნიათ უფლება ილაპარაკონ ხალხის სახელით? ხალხისა, რომელმაც არც კი იცის მათი არსებობა, მათი ფიქრები და მიზანზრახვანი?”