20 ოქტომბერი, 2022

ზურაბ სოტკილავასა და ელისო თურმანიძის  გამორჩეული ამბავი

ოპერის მომღერლის ზურაბ სოტკილავასა და მისი მეუღლის ელისო თურმანიძის სიყვარულის ისტორია ზღაპარს ჰგავს.

კონსერვატორიაში სწავლის პირველივე დღეს ზურაბ სოტკილავა შეხვდა თავის მეგობარ უფროსკურსელს. ისინი კონსერვატორიის შესასვლელთან იდგნენ, როდესაც ელისო თურმანიძე გამოჩნდა.

ამ დღეს ოპერის მომღერალი ასე იხსენებდა:

“მოდის გოგო, ლამაზი, ტანწერწეტა, ელეგანტურად ჩაცმული… ვუყურებ თითქოს ჰიპნოზის ქვეშ და ვგრძნობ, რომ ვიღუპები… ვიკითხე – „ვინ არის?“ და მეგობარმა მიპასუხა – „ჩვენი სტუდენტი, ელისო თურმანიძე“… არ ვიცი რა მომივიდა და უცებ განვაცხადე – „დაიმახსოვრე, ეს გოგო ჩემი მეუღლე გახდება!“

მართლაც ზურაბ სოტკილავამ თავისი სიტყვა შეასრულა, თუმცა ქორწინებამდე მთელი თავგადასავლები გაიარა – ჯერ იყო და მთელმა კონსერვატორიამ გაიგო ზურაბ სოტკილავას გრძნობის შესახებ, სხვებიც საუბრობდნენ და თავად ყველას უყვებოდა – არავის რომ არ გაებედა ელისოსთან ახლოს მისვლა…

ორი წელი ისე გავიდა, რომ ზურაბმა ელისოს გაცნობა ვერ გაბედა, გოგონა იმდენად ამაყი და მიუღწეველი ჩანდა…

ბოლოს პირველი ნაბიჯი ელისომ გადადგა – დაესწრო კონცერტს, სადაც ზურაბ სოტკილავაც მონაწილეობდა. კონცერტის შემდეგ კი მივიდა მასთან და უთხრა – „თქვენ ძალიან კარგად გამოხვედით“ და კანფეტი აჩუქა.

მათ დაიწყეს შეხვედრა, დადიოდნენ ყველგან – მუზეუმებში, თეატრებში, კინოში, სეირნობდნენ…

დადგა ის დღე, როდესაც ელისომ ზურაბი სახლში მიიწვია, სადაც დახვდათ ელისოს დეიდა – თავადის ქალი ბაგრატიონი. მას რამდენჯერმე შეეშალა ზურაბის გვარი. ბოლოს ზურაბმა განაცხადა – „დაიმახსოვრეთ, მე ისე გავაკეთებ, რომ ჩემი უბრალო მეგრული გვარი თქვენს გვარზე უფრო ცნობილი გახდება!” ადგა და წავიდა…

დეიდამ ელისოს უთხრა – „ეს რა უხეში ბიჭი შეგირჩევია“, მაგრამ გავიდა წლები და ამ შესანიშნავ ქალბატონს ზურაბი მთელი გულით შეუყვარდა და მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი გახდა.

ზურაბ სოტკილავა და ელისო თურმანიძე დაქორწინდნენ და ორი გოგონას – თეასა და ქეთევანის მშობლები გახდნენ.

მათზე ყველა ერთხმად ამბობდა, რომ საოცარი წყვილი იყო. იმასაც ამბობდნენ, რომ საყვარელი მეუღლის თავდაუზოგავი ხელშეწყობის, ზრუნვის, თანადგომისა და სიყვარულის გარეშე, ზურაბ სოტკილავა თავის კარიერაში ასეთ მწვერვალებს ვერ მიაღწევდა.