9 ოქტომბერი, 2022

უსამართლოდ გულნატკენი გიორგი ჩუბინიძე

გიორგი ჩუბინიძეს უსამართლოდ ატკინეს გული. სამწუხაროდ, ის ერთადერთი ნიჭიერი ახალგაზრდა არ არის, ვისაც ზურგი აქციეს:

“რა ხანია საჯაროდ მინდა მოვიკითხო, თუ ვთქვა იმ გაუგებრობის შესახებ, რაც ბოლო თვეებში ჩემს თავს მოხდა თუ ხდება.

19 მარტს დავწერე ის პოსტი, სადაც ყველას გამცნეთ, არიქა, და ორი წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და ხელს ნუ შემიშლით, პირიქით, მომეხმარეთ-მეთქი.

მაშინ ბევრმა უკვე იცოდა ჩემი განზრახვა, ზოგმა უბრალო გულწრფელობით მისურვა წარმატებები, მაგრამ არ იცით შედეგი, რა გზა განვლო ჩემმა ,,დაბრუნებამ” და სად ვარ და რას ვაკეთებ ახლა.

2022 წლის 17 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენადან გავაგზავნე სივი, სამოტივაციო, განვითარების ხედვა და სხვა დოკუმენტები ხაშურის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე. საქმე ეხებოდა ჩემს სურვილს, დამეკავებინა ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის ვაკანტური პოსტი (ხელფასი ამ პოზიციის 600-700 ლარი).

5 მარტს ჩავფრინდი საქართველოში და უარი ვთქვი რამდენიმე ასევე კარგ და ჩემთვის საინტერესო პოზიციაზე სამუზეუმო, თუ საბიბლიოთეკო მიმართულებით მხოლოდ იმ იმედით, რომ დიდი იმედი მქონდა (და მაქვს) ევროპიდან ახლახანს დაბრუნებულ ახალგაზრდას, შესაბამისი სამსახურეობრივი გამოცდილებით, კვალიფიკაციით აუცილებლად შემიწყობდნენ ხელს და არა მხოლოდ საქართველოში, მის ამ პატარა ქალაქ ხაშურში (პირდაპირ ვენიდან) 27 წლის ახალგაზრდას მშვიდად მუშაობის შესაძლებლობას მომცემდნენ.

რა საბუთები გავაგზავნე?

გავაგზავნე 10-მდე რეკომენდაცია-წერილი საქართველოს წამყვანი ბიბლიოთეკების, მუზეუმების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო, საეპარქიო და სხვა დაწესებულებებისგან, რომელთა ხელმძღვანელი პირებიც პირადად მიცნობდნენ და პირადი ურთიერთობების საფუძველზე მაფასებდნენ (ამ ადამიანებს აქ არ დავასახელებ, თუ სურვილი აქვთ თავად იტყვიან სათქმელს, უდიდესი მადლობა მათ).

ამავე წლის აპრილის დასაწყისში, უკვე საქართველოში მყოფი შევხვდი ხაშურის მერს და პირადად გავაცანი თავი, ჩემი ხედვა და მიზანი.

არანაირი პასუხი.

ხაშურის საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა, თითქმის სრულმა უმრავლესობამ იცოდა და იცის ჩემი განზრახვის შესახებ. მათ მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი და ვგრძნობ ამ დროის განმავლობაში, ამავე საზოგადოებაში შედის ხაშურის ბიბლიოთეკის თანამშრომლების ნაწილიც.

ამ დროის განვალობაში, ხაშურში მყოფი, ამ სამსახურის მომლოდინემ, სრულიად უანგაროდ მაინც ჩავატარე კონფერენცია, გამოფენა და სხვა აქტივობები. ვეცადე ჩემი წვლილი რიგითი მოქალაქის პოზიციიდან შემეტანა რეგიონის განვითარების საკითხში, რადგან კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ ქვეყნის წინსვლა ვერ იქნება, თუ მუნიციპალიტეტები, მისი საზოგადოება არ გაძლიერდება და არ შექმნის ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას.

ამიტომ ვიყავი მზად მემუშავა ხაშურში და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გამეტარებინა ამ დიდი მისიის განხორციელებაში.

გადიოდა დღეები, კვირები, თვეები… არანაირი პასუხი ,,შვებულებაშია, დაბრძანდით, დაელოდეთ” რეზო ჭეიშვილის არ იყოს… ამდენი ხანია ველოდი და ველი…

ის დანაზოგი, რაც ამ სამსახურის ლოდინისთვის მქონდა გადადებული ნელ-ნელა იწურებოდა, ისევე როგორც ჩემი გამძლეობა, გულის ტკენა და იმედგაცრუება, რომ ევროპიდან დაბრუნებული რიგითი ახალგაზრდა, დიდი მიზნებით და იმედებით, აქ არავის სჭირდება და ის იძულებულია ისევ წავიდეს…

ისევ წასვლა, უკვე მეორე ემიგრაცია გახდა ჩემი საფიქრალი და ამ ლოდინიდან 7 თვის შემდეგ წამოვედი.

გერმანიის დედაქალაქმა, ბერლინმა მიმიღო… აქ ვსწავლობ და ვმუშაობ, მაგრამ ჩემი გონება ისევ იქაა, რომ ისევ შემიძლია დაბრუნება და როცა დავბრუნდები, უკეთესი საქართველო იქნება.

ამ ჩემი ისტორიიდან, რომელიმე თქვენგანს აქვს იმის განცდა, რომ მე უკეთეს საქართველოში ჩამოვედი?
სადაა ჩემი სამშობლო, რისთვის ვისწავლე, რისთვის ვაკეთე და რისთვის მჯეროდა ჩემი მიზნების, თუ ასე გამომაგდებდნენ ჩემი ქვეყნიდან, ჩემი ქალაქიდან…

დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, მე მინდა დავბრუნდე და ვაკეთო ჩემი საქმე, მაგრამ მიმიღეს?

ხვალვე დავბრუნდები, ერთხელ კი არა ათასჯერ დავბრუნდები, მაგრამ სად? დამიძახა ვინმემ?

უნდა იბრძოლოო, ითქვა ესეც. ვის ვებრძოლო, რომელი პარტია ღირს ამ ბრძოლად, როცა სამოქალაქო საზოგადოება არაა ღირსეულ პოზიციაზე…

არ მინდა ამის მკითხველს თავი მოვაბეზრო. მინდა უბრალოდ ეს პოსტი წაიკითხოს მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ნებისმიერმა თქვენგანმა და პასუხი გამცეს, რატომ არ მიღებს ჩემი ქვეყანა და სადაა სამართალი?

მე ისევ მზად ვარ დავბრუნდე, მე ისევ უიმედოდ მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში საქმის კეთებას შევძლებთ!”