8 ოქტომბერი, 2022

ნოდარ მგალობლიშვილის გამორჩეული ამბავი

უნიჭიერესი მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილის მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრებიდან ნანა ჭრელაშვილი გამორჩეულ ამბავს იხსენებს:

“ამბავი იმისა, თუ როგორ გახდა ნოდარ მგალობლიშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე:

ვინც ნოდარ მგალობლიშვილს იცნობდა, მან იცის, რომ მას არანაირი ჯილდო, ჩინი და პრემიები არ ხიბლავდა. უფრო მეტიც, აღიზიანებდა კიდეც ვინმე თუ რამე პრემიაზე წარადგენდა…

ინტერვიუზე დათანხმებაც ბერლინის კედლის დანგრევის ტოლფასი იყო! ამბობდა, აგერ არის ჩემი შემოქმედება და თუ ვინმეს რამე უნდა წეროს და იკითხოსო. აბა, საკუთარ თავზე რა ვილაპარაკოოო…

მისი ნდობის მოპოვება ძალიან რთული იყო, მაგრამ თუ შეგიყვარებდა, მის სიყვარულს ნდობაც უსაზღვრო ჰქონდა. სიყვარულით და ნდობით ჩაჭიდა ხელი ნინოს და თავისი ჩვეული პასუხისმგებლობით ღირსეულად ატარა სიცოცხლის ბოლომდე… ნინოსთან ერთად მეც… ნინოსთვის უთქვამს ერთხელ: ძალიან მინდოდა გოგო მყოლოდაო და ალბათ იმ გოგოს ხედავდა ჩემში. ზოგჯერ მგონია დედამისთან – მარგოსთან მაიგივებდა, რომელიც ჩემსავით მარტო დარჩა და ჩემსავით მარტო გაზარდა მისი ერთადერთი ნოდარი.

ალბათ ვერსიებს თუ რომელი გმირი ვარ, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარი იმ წლების სიდიადეა მთელი ცხოვრება რომ გამყვება, როგორც ერთადერთი და შეუცვლელი დრო, როგორც საუკეთესო მასწავლებელი, მრჩეველი, უდიდესი სიხარულის და სიყვარულის მომნიჭებელი! მათავრია, რომ ის წლები, დღეები და წუთები მარტო მეხსიერებაში კი არა, ფირზეა აღბეჭდილი! მუდმივად ჩართულ კამერაზე ან ფოტოაპარატის ჩხაკუნზე უპირობო თანხმობა მისგან საჩუქარი იყო, ცხოვრებისგან ყველაზე დაუვიწყარი საჩუქარი!

მასზე ამბის თხრობას ალბათ ერთი სიცოცხლეც არ ეყოფა, მაგრამ ამ მოკლე ამბავში ჩვენი ურთიერთობის დეტალები იმიტომ გავიხსენე, რომ უფრო გასაგები იყოს მდგომარეობა, როცა თბილისის მერიას მივმართე განცხადებით, გთხოვთ განიხილოთ ბატონ ნოდარ მგალობლიშვილისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭების საკითხი…

განცხადებას რომ ვწერდი იმაზე არ ვფიქრობდი, რა მოყვებოდა იმას, თუ მიანიჭებდნენ საპატიო თბილისელის წოდებას.

მიანიჭეს!

ამ ამბის მაცნე კი მაშინდელი მერის მოადგილე, გამორჩეულად კარგი და სამართლიანი ნინა ხატისკაცი იყო:
– სრულიად დამსახურებულად, კომისიამ ერთხმად მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ბატონ ნოდართან დაკავშირებით.

ნინას კარგი ამბისთვის მადლობა გადავუხადე და უკვე ვგრძნობ, რომ ახლა იწყება ჩემი დრამაც, ტრაგედიაც. იმ დღესვე დამირეკა ნინო ჩხიკვიშვილმაც და ჩუმად მიყვება: მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის თანამშრომელმა – ქეთიმ დაურეკაო. ცერემონიაზე დაპატიჟაო და ნოდარმა უთხრაო:
– როგორ თქვენ არ იცით რომ მე უკვე მაქვს ეს წოდებაო.
ისიც დაუმატებია – რომ დავიბადე იმ დღიდან მივიღეო!
ნინომ, ქეთი კი გადარჩა, მაგრამ ნოდარი საღამოზე წამოსვლას არ აპირებსო. გაიძახის, რა საჭირო იყო, ვინ მოიფიქრა, რა დროს ეგ არისო…ვეღარ გაიგეს არაფერში არ მჭირდება ორდენებიო. მოკლედ, ნინომ მე ვერაფერს გავხდიო, არ წამოვაო ცერემონიალზე!

ჩემი დაწყებული იყო ეს საქმე და მევე უნდა გამომესწორებინა. თან უკვე დარწმუნებული ვიყავი ბატონი ნოდარი არ მაპატიებდა მასთან შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას, ასე ჩუმ ქმდებას და … დამკარგავდა.
ათასჯერ წარმოვიდგინე როგორ მივდივარ მასთან, როგორ ვეუბნები სიმართლეს და ვუყვები ისტორიას და ის მეუბნება – შენი ფეხი არ ვნახო ჩემთან. როგორ გაბედე, გენდობოდი

ვერსიები დავამუშავე. რაც უფრო ბევრს ვფიქრობდი, ვხვდებოდი ხმას ვერ ამოვიღებდი. ამიტომ სულ ცრემლების ყლაპვით დავწერე წერილი, ათას ბოდიშს ვუხდიდი, პატიებას ვთხოვდი, ამოვბეჭდე და მივდივარ მგალობლიშვილის ქუჩის #3-ში და ცხოვრებაშო პირველად, ფეხები უკან მრჩება, გზას ვახანგრძლივებ ნელი ნაბიჯებით. თვითგვემის დრო ამოიწურა და ჩემი საყვარელი რკინის კარი გაიღო. ნინო მანიშნებს ძაან ცუდადაა საქმეო. შევდივარ ოთახში, მორიდებით ვჯდები ჩემს ჩვეულ ადგილზე.
– ნანინა როგორ ხარ, ნანინა! – ძველებურად გახარებულია ჩემი მისვლით.
გავიფიქრე ალბათ ჯერ არ იცის რომ ამ ამბის ავტორი სწორედ მე ვარ. ხელში ოთხად გაკეცილ წერილს ვათამაშებ ნერვიულად. გადავწყვიტე დავდო წერილი მაგიდაზე და დავემშვიდობო, უცებ …
– როდის არის ის ცერემონია?
მე თვალებს ვაცეცებ დაბნეული.
– შაბათს…
– ვის გავახსენდი?
და უცებ ამოვთქვი:
– მე!
გაეღიმა … უკვე ყველაფერი იცოდა, ისიც იმ ფურცელზე რაც ეწერა და მე რას განვიცდიდი. უთქმელად დაინახა მთელი სიუჟეტი.
– მე, მაგრამ გადაწყვეტილება ბევრმა ადამიანმა, ერთხმად – ამოვღერღე.
– იქნებ სხვისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ეგ. მე მაგის გარეშეც შემიძლია, – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და მერე ჩემთვის ხასიათი რომ გამოეკეთებინა, მითხრა:
– მე მეგონა შენ იცოდი რომ დაბადებიდან თბილისელი ვიყავიო. თან დაამატა ნინო და შენც ხომ წამოხვალთო…
ნინო და მე კი ვიყავით ემოციებისგან ძალაგამოცლილები, მაგრამ ქვეყნის დასალიერშიც გავყვებოდით.

პ.ს. დღეს ის სიგელი ჩემს სახლში, ბატონი ნოდარის კუთხეში იკავებს ადგილს, როგორც დიდი, მამაშვილური სიყვარულის სიმბოლო!