პოეტ ლაშა გახარიას ტყუილად კი არ უწოდებენ იშვიათ პოეტს იშვიათი ლექსებით. მისი შემოქმედება ყველა თაობის მკითხველზე თანაბრად მოქმედებს.
“არტ ინფო” მის ერთ-ერთ ლექსს გთავაზობთ:
“საბაქართული
შვილიშვილს – საბა გახარიას
ეს სიტყვა გულში აყვავდა, ვით გულისაბას ყვავილი,
მერმე ხელებში აბალღდა – გულითვე ამოყვანილი.
ამირანისძედ ვიოცე, როს ჩავამთვარდი თვალებში,
ავდექ და, დედიშობილა, გავფუთნე ცის ფართალებში.
ირმის რძე ჩამოვუწველე, არც ხოხბის დამიკლია და
ჯავრისქვაც გავაკბეჩიე, როგორც კი დაკბილიანდა!
ღვთისმშობელს მოვანათლიე – მცხეთას ნადუღი მირონით,
ფასკუნჯის ფრთებით ვუჭალე ლაჟვარდთა სანაპირონი;
უსუპის წარბი ვუმშვილდე, ვამშიე ფარ-ხმლის ხმარება,
დევს რომ უმხარა, გენახათ, იახსრის ახარხარება!..
რთველი ვართველე, რა რთველი – ხართვალა, მტევნებგიდელა,
ტანთ თუთარჩელა ვარჩიე, ღამე გავხადე – დინდგელა;
სამეფო კვართი ვუკვართე, კვერთხიც ვუკურთხე, ისეთი…
მთლა შიშით გადაბაბანდა უკურთხი სამიზგითეთი!
გულს გავეწონე: – ეგების, ვადა იწითნოს – ვადამდე!..
ორბის ფრთით შემოვუთარგე – ნიკოფსით დარუბანდამდე…
“დედაენიდან” ამოვსხი ანბანსისხამა იები,
ხან სული მიუნიავა, ხან – წამწამ-ფარფალიები.
“სიტყვის კონაც” რომ გავშალე… ნეტაი, თავად გეხილათ,
ვით ალაღდა და აბაღდა – მაღლარ სიტყვათა ხეხილად!
ფარშევანგის ფრთა მოვართვი, ვით ვაკადრებდი ბატისას,
მაფშალიამაც ურშვინა, ჭირიმე იმ ნისკარტისა.
გულის გრაალით დავლოცე: – მტერიმც გეხილოს ძლეული,
ღვთისენად ამოგემხილოს ის ფარულზოსიმეული!..
აწ მართლა უნდა იმეფოს – ვეფხისტყავშემოკვართულმა,
დედოფალსიტყვა მოჰგვარეთ, რომ ძეც შვას საბაქართულმა!”