12 ოქტომბერი, 2022

აკაკი ხიდაშელის საგანგებო წერილი

მსახიობმა აკაკი ხიდაშელმა საგანგებო წერილი დაწერა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ივანე ხუციშვილს ეძღვნება:

“თითქოს ყველაფერი ვთქვი თუმანიშვილის თეატრში მომხდარ დისკრიმინაციაზე, მაგრამ ჩემი ახლობლებისა და კოლეგებისთვის ბევრი რამ მაინც დაუჯერებელი და წარმოუდგენელი აღმოჩნდა. ამიტომ, აქ გამოვაქვეყნებ ჩემს საპასუხო წერილს, რომელიც თუმანიშვილის თეატრის ახალ ხელმძღვანელს მივწერე. ჩემი პასუხით იქნებ გაგიადვილოთ იმ ადამიანის გაცნობა.

“თქვენ მე ოფიციალური წერილი მომწერეთ, შესაბამისი ნომრით გატარებული წერილი, თეატრის ბლანკზე დაბეჭდილი ისეთი შინაარსის წერილი, როგორსაც გაიძვერა ადამიანები წერენ. ეს არ არის ხელოვანი რეჟისორის მიერ მსახიობისთვის განკუთვნილი წერილი…

1. თეატრში ისეთი არაჯანსაღი და კონფლიქტური გარემო შექმენით, რომ თქვენმა უსამართლობამ მღელვარება გამოიწვია არა მხოლოდ მსახიობთა შორის, არამედ მათ ახლობელთა, თეატრის მოღვაწეთა და უკვე მაყურებელთა შორისაც.

2. თქვენი „წყალობით“ ჩემი ხელფასი 240 ლარი გახდა და ახლა, თეატრის ბლანკზე დაბეჭდილ ვითომ გულმხურვალე წერილს მიგზავნით თანამშრომლობის შემოთავაზებით. სად მომხდარა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელს მსახიობისთვის მთელი 598 ლარით შეემცირებინოს ხელფასი და შემდეგ უსტარი გაეგზავნოს – მოდი, ვითანამშრომლოთო?

3. მას შემდეგ, რაც თეატრიდან წასვლაზე დავწერე განცხადება, თქვენი ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ერთადერთი თხოვნის შესრულებას გეაჯებოდით: ჩემებრ დისკრიმინირებული კოლეგებისთვისაც აღგედგინათ ადრინდელი ხელფასები. ერთსა და იმავეს მპასუხობდით. „კოლექტიური გადახედვა არ მოხდება. მხოლოდ თქვენ, მხოლოდ თქვენ.“ იძულებული ვიყავი მეთქვა, რომ ასეთ შემთხვევაში არ დავრჩებოდი თეატრში.

ახლა – შეკითხვა: ამ თქვენს „ბლანკიან უსტარში“ რატომ არაფერი მომწერეთ დანარჩენ დისკრიმინირებულებზე?…

4. როცა უკანასკნელად გნახეთ, იქ, სადაც ჩვენ გარდა კიდევ ოთხი ადამიანი იყო, ძალიან გარკვევით ვთქვი: მე არ ვიქნები იმ თეატრის მსახიობი, რომელი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც ვანო ხუციშვილი იქნება.

… გახსოვთ.

მაშ, რას მივაწეროთ თეატრის ბლანკზე დაბეჭდილი „თანამშრომლობის სურვილით აღვსილი“ თქვენი წერილი?

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით და იმის გამო, რასაც ქვემოთ დავწერ, ვფიქრობ 9 ივლისს გამოგზავნილი თქვენი წერილი, თქვენში გამჯდარმა გაიძვერობამ დაგაწერინათ.

5. რა ნამუსით წერთ: „…რათა შევინარჩუნოთ თეატრისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი და საჭირო სპექტაკლები…“, როცა დისკრიმინირებულ მსახიობთა უმრავლესობა სწორედ იმ სპექტაკლებში ვმონაწილეობდით, თქვენ რომ ახლა უწოდებთ თეატრისთვის ესოდენ მნიშვნელოვანსა და საჭიროს, მაგალითისთვის მხოლოდ „მეფე ლირია“ საკმარისი: მასში მონაწილე შვიდი ადამიანი ვართ დისკრიმინირებული. შვიდმა მსახიობმა და ჩვენი ოჯახის წევრებმა გავიარეთ: გაკვირვება, დათრგუნვილ მდგომარეობაში ყოფნა, უიმედობა, ცხოვრებისგან მიღებული მორიგი უსამართლობის განცდა, შეურაცხყოფა, სტრესი, რაც აგერ უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. რატომ? იმიტომ, რომ ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ჩვენ ასე გვეკუთვნის. შემდეგ, როცა სხვა სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნება, ის რასაც განგვისაზღვრავს, ჩვენ იმას უნდა დავჯერდეთ: შემდეგ, როცაა… შემდეგ… და ა.შ.
არანაირი ობიექტურობა, არანაირი განსაზღვრა კრიტერიუმებით;
არა, მხოლოდ პირადი მოსაზრება. მხოლოდ სიმპათია-ანტიპათია და მომწონს-არ მომწონს.
მოკლედ, ყველაფერი ისე, როგორც დუქანში.

6. მანამდე, ვიდრე დაწერდით: „რათა შევინარჩუნოთ მნიშვნელოვანი და საჭირო სპექტაკლები“, თქვენს კოლეგას, რეჟისორ ზურაბ გეწაძეს, „მეფე ლირის“, ანუ, თქვენი სიტყვებით: „მნიშვნელოვანი და საჭირო სპექტაკლი“-ს დამდგმელ რეჟისორს, მისი პროფესიული ღირსების დამამცირებელი კონტრაქტი შესთავაზეთ და მის დისკრიმინაციასაც შეეცადეთ.
ესეც არ იკმარეთ და მისი ოჯახის ორ წევრს განაცდევინეთ ის, რაც დანარჩენებმა გავიარეთ…
ახლა უკვე ყველამ ვიცით, რომ ზურაბ გეწაძე სპექტაკლის დადგმას ვეღარ ეღირსება იმ თეატრში, რომელშიც თვითონ მიხეილ თუმანიშვილმა მიიყვანა…

7. ამას ჩემთვის არ წერთ: „… გთავაზობთ იმ სპექტაკლების შენარჩუნებას, რომელშიც ხართ დაკავებული და რომელი სპექტაკლებიც სარეპერტუაროა, რადგან მიმაჩნია, რომ ეს სპექტაკლები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს არსებულ რეპერტუარში“
ამას ჩემთვის არ წერთ, ამას იმ ადამიანებისთვის წერთ, ვისთვისაც დაუჯერებელია, რომ არ გდომოდათ „მეფე ლირის“ შენარჩუნება. მათ არ იციან, რომ არათუ „მეფე ლირის“ დამდგმელი რეჟისორი არ შეგიძლიათ იგუოთ, არათუ მისი მსახიობი მეუღლე და მათი შვილი, მსახიობი და ამ სპექტაკლის კომპოზიტორი ერეკლე გეწაძე; არათუ მონაწილე დანარჩენი მსახიობები, არამედ ის ბანერიც არ შეგიძლიათ იგულოთ, გერმანელმა ფოტოგრაფმა რომ შექმნა.
სპექტაკლით აღფრთოვანებულმა იმ ფოტოხელოვანმა, მონაწილე ყველა მსახიობს გადაგვიღო სურათი და შექმნა ბანერი, რომელიც გამოფენაზე გაიტანა, ხოლო გამოფენის დამთავრების შემდეგ სპექტაკლით მიღებული სიამოვნებისა და პატივისცემის ნიშნად თუმანიშვილის თეატრს აჩუქა. როცა ქეთი დოლიძემ ჩამოხსნის მიზეზზე გკითხათ, თქვენ უპასუხეთ: „პრემიერა ხომ უკვე იყო?“ არადა, ის ბანერი, პრემიერიდან დიდი ხნის შემდეგ შეიქმნა.
თქვენ გამიზნულად მტრობთ ამ სპექტაკლს, მაგრამ გაიძვერა ადამიანივით წერთ: „სპექტაკლების შენარჩუნებას“, „სარეპერტუაროს“ და „ეს სპექტაკლი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს არსებულ რეპერტუარში“.
რატომ მტრობთ? არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი დადგმული სპექტაკლიც ისეთივე რეიტინგული იქნება, როგორც ზურაბ გეწაძისა და ზურაბ ყიფშიძის „მეფე ლირი“.

8. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გააკეთეთ, რომ თეატრიდან წავსულიყავი, გაიძვერა ადამიანივით იტყუებით, როცა წერთ: „… ამ წერილით კიდევ ერთხელ ვიყენებ შანსს, გთხოვოთ თანამშრომლობის გაგრძელება და დავაფიქსირო სურვილი, თქვენი თეატრიდან არწასვლის შესახებ“.
ასეთი პათოსით ცრუობთ, რადგან ახლა ასე დაგჭირდათ. ცინიზმია – ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიიყვანოთ, რომ ხმამაღლა თქვას: „მე არ ვიქნები იმ თეატრის მსახიობი, რომელი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვანო ხუციშვილი იქნება“, ხოლო შემდეგ კი „თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი დაუფიქსიროთ“. მოკლედ, ამ ჯერზეც თავისით მომდის სიტყვები: „გაიძვერა ადამიანი“

9. ერთი მაგალითიც და ამით დავამთავრებ. თქვენ წერთ: ‘… და ასევე, შეუფერხებლად გააგრძელოთ მუშაობა ახალ პროექტზე – ლუიჯი პირანდელოს პიესაზე „ეს ასეა, თუ კი თქვენ გგონიათ, რომ ეს ასეა“ გიორგი (გოგი) მარგველაშვილის რეჟისორობით, სადაც მთავარ როლზე ხართ განაწილებული და რომლის განხორციელებაც თეატრისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი საკითხია.“

არ ვიცი, რატომ ვერ ხვდებით, რომ ყველაფერს თქვენ საწინააღმდეგოდ წერთ, მაგრამ იძულებული ვარ გიპასუხოთ: თუკი მთავარ როლზე ვარ განაწილებული ისეთ პიესაში, „რომლის განხორციელებაც თეატრისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი საკითხია“, თუკი ამ პიესის გარდა ის სპექტაკლებიც ყოფილა შესანარჩუნებელი, რომელშიც დაკავებული ვარ და რომელი სპექტაკლებიც სარეპერტუაროა, თუკი მიგაჩნიათ, რომ ეს სპექტაკლებიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს არსებულ რეპერტუარში, – რატომ დამატეხეთ ამდენი შეურაცხყოფა? ამდენი უსამართლობა? მიზეზს ვერ ვპოულობ. თუმცა ხშირად მახსენდება ცნობილი გამონათქვამი: „ ვინმეს გაფუჭება თუ გინდა, ან ფული უნდა მისცე, ან თანამდებობა“. თქვენ – თანამდებობა მოგცეს, ითვლებოდით საშუალო ასაკის საშუალო რეჟისორად, მაგრამ მოხდა ისე, რომ…

ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: თუკი ნორმალური ადამიანი ხარ, თუკი თვითონ გაქვს ღირსების გრძნობა, სხვის ღირსებასაც გაუფრთხილდები. თუკი სულ მცირედ მაინც გაქვს სამხატვრო ხელმძღვანელის ალღო, თვეში 240-ლარიან ხელფასზე არ უნდა დასვა მსახიობი, რომელსაც შემდეგ ბლანკიან ფურცელზე დაბეჭდილი სიტყვებით მოეპირფერები – საზოგადოების გასაგონად.
აკაკი ხიდაშელი”

კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ივანე ხუციშვილის წერილში კი წერია:

“15 ივნისის წერილი, რომელიც თქვენი თეატრიდან წასვლის თაობაზე შემოვიდა თეატრის ადმინისტრაციაში, ჩემ მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და განცხადება მივიღე როგორც შეტყობინება-გაფრთხილება. მე არც ახლა გამოვხატავ ამ განცხადების დაკმაყოფილების მზაობას და ამ წერილით კიდევ ერთხელ ვიყენებ შანსს, გთხოვოთ თანამშრომლობის გაგრძელება და დავაფიქსირო სურვილი თქვენი თეატრიდან არწასვლის შესახებ.

კანონის რეგულაციებიდან გამომდინარე, თქვენი მოთხოვნა, რომელიც 15 ივნისით თარიღდება ავტომატურად ძალაში შევიდა 15 ივლისიდან (მიუხედავად ჩემ მიერ არდაკმაყოფილებისა). აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით და გთავაზობთ 15 ივლისიდან თანამშრომლობის გაგრძელებას ახალი შრომითი ხელშეკრულების პირობებში, რათა შევინარჩუნოთ თეატრისათვის ესოდენ საჭირო და მნიშვნელოვანი სპექტაკლები და ასევე, შეუფერხებლად გააგრძელოთ მუშაობა ახალ პროექტზე – ლუიჯი პირანდელოს პიესაზე “ეს ასეა, თუკი თქვენ გგონიათ, რომ ეს ასეა” გიორგი (გოგი) მარგველაშვილის რეჟისორობით, სადაც მთავარ როლზე ხართ განაწილებული და რომლის განხორციელებაც თეატრისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი საკითხია.

ასევე, შემიძლია შემოგთავაზოთ სხვა სახის თანამშრომლობა იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში განსახორციელებელი პროექტების მხატვრულ-შემოქმედებით კონცეფციაში არათანამოაზრეობა და პროექტებში მონაწილეობის არ მიღება. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ იმ სპექტაკლების შენარჩუნებას, რომელშიც ხართ დაკავებული და რომელი სპექტაკლებიც სარეპერტუაროა. რადგან მიმაჩნია, რომ ეს სპექტაკლები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს არსებულ რეპერტუარში. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ, გაფორმდეს ხელშეკრულება ერთჯერადი გადახდის ფორმით და აქვე გთავაზობთ, რომ თანხა დაასახელოთ თქვენივე შეხედულებით, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოში არსებული თეატრების გამოცდილებასთან და შესაძლებლობებთან.

ეს ორივე შემოთავაზება განისაზღვროს 2022 წლის ბოლომდე იმ პირობით, რომ ახალი წლიდან გადაიხედოს შრომითი ხელშეკრულებები გაუმჯობესების კუთხით/სურვილით.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ წუხილს შექმნილი ვითარების გამო და იმედს ვიტოვებ, რომ მოუგვარებელი და შეუთანხმებელი პოზიციები თეატრში არ იარსებებს და თეატრის ყველა თანამშრომელი თავის ადამიანურ და შემოქმედებით რესურსს, პირველ რიგში, სწორედ თეატრის ინტერესებს მოახმარს.”