12 სექტემბერი, 2022

ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილე თბილისის მასშტაბით

ილია ჭავჭავაძის 185 წლისადმი მიძღვნილი პროექტი „ილია 185 – თბილისის ცის ქვეშ“ , რომელსაც „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ ახორციელებს თბილისის მერიის მხარდაჭერით, სიმბოლურად ილიას მკვლელობის დღეს 12 სექტემბერს დაიწყო და 21
სექტემბრამდე გასტანს.

ღონისძიებების პირველ დღეს გაიმართა საჯარო მსვლელობა სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეობამდე, როცა მოქალაქები სიმბოლურად ფეხით გადიან სწორედ იმ გზას, რა გზითაც ილია უკნასკნელ გზაზე გააცილა საზოაგადოებამ.

მთაწმინდის პანთეონში როსტომ ჩხეიძის მატვრულ-დოკუმენტური პროზის მიხედვით წარმოდგენილი იყო თეატრალიზებული დადგმა „მუხა უდაბნოში“ და ლიტერატურული ინტერმედია „ილია უკრაინულ ენაზე“ უკრაინელი მსახიობის ნატალია ვარანიუკის შესრულებით და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო
ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოთი  – „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით” დაჯილდოების ცერემონია.

საიუბილეო ღონისძიებები კი უკვე თბილისის სხვადასხვა რაიონებში გაგრძელდება. პირველი აქტივობა დაგეგმილია დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მე-4 კვარტალში მდებარე ტექსელის სკვერში (მ. გოგიბერიძის ქუჩის მიმდებარედ). სადაც, 13 სექტემბერს, 19 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია ილიას თემაზე, რომელსაც წარმოადგენს მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი. საღამოს დაასრულებს  ლიტერატურული ინტერმედია მსახიობისა და რეჟისორის გიორგი სავანელის მონაწილეობით.

პროექტის სლოგანია „გაატარე ერთი საღამო ილიას სამყაროში“.

ღონისძიებების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.