28 სექტემბერი, 2022

არაჩვეულებრივი წერილი ქეთევან დედოფალზე

ქეთევან დედოფალი შაჰ აბასმა რწმენის შეცვლაზე უარის თქმის გამო სამაგალითოდ დასაჯა – სასტიკად აწამა.

კონსტანტინე გამსახურდია უმცროსი წმინდანზე ძალიან საინტერესო წერილს გვთავაზობს:

რაშია ქეთევან დედოფლის აქტუალურობა?

შაჰ-აბას პირველი, ირანის ისტორიის რაღაცნაირი “დავით აღმაშენებელი”: ბრიტანელების სტრატეგიული პარტნიორი, რომლის არმიასაც ბრიტანელი ინტრუქტორები წვრთნიან. მისი ამბიციური პროექტია კავკასიის შემომტკიცება, იქიდან ოსმალეთის გაძევება, კახეთის და ქართლის შემოერთება და იქ მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსის შეცვლა დიდი გადასახლებებით. (რისი შედეგიცაა თუნდაც ფერეიდნის ქართველობა დღეს).

ქეთევანი თავის შვილიშვილებთან ერთად მძევლად იმყოფება შირაზში. მისი ვაჟი თეიმურაზი პარტიზანული ბრძოლის რეჟიმშია. წარმოვიდგინოთ მდგომარეობა შირაზში, სადაც წლებია ცხოვრობს ქეთევანი: ქართველებს უპყრიათ ძალიან მაღალი პოზიციები ყველა დონეზე: ალავერდი – ხანი უნდილაძე, (ქეთევანის დროს ამ დიდკაცის ვაჟი იმამ-ყული-ხანია იგივე პოზიციაზე) ფაქტობრივად სამეფოს მეორე პირი  – ქართველი; ყულარ-აღასის, ანუ სამეფო გვარდიის უფროსი – ქართველი; დიდი ქალაქების ტარუღები ( მერები) ქართველები; საშუალო დონის თანამდებობებზეც უამრავი კადრი გურჯია. ყველა მათგანი გამუსლიმებული და გადასული ირანული ცხოვრების სტილზე. ქეთევანი დგას გასაოცარი სიმტკიცით, იგი მაგალითია ქრისტიანობის და ეროვნული სახის შენარჩუნებისა ყველასთვის, ვისაც ამის შენახვა სწადია სეფიანური იმპერიის მაშინდელი სტანდარტებით კომფორტულ ჯოჯოხეთში.

როგორც ირკვევა, შაჰ-აბასს ყვარებია ქეიფი და დროსტარება ქართველებთან. როდესაც ეკითხებოდა: “თქვენ ჩემი უერთგულესი მსახურები ხართ, საუკეთესო ირანელები და საუკეთესო მუსლიმები, თქვენზე დგას ჩვენი სამეფო, მაგრამ ეს თქვენი დედები რატომ რჩებიან ქრისტიანები?” ამაზე ქართველებს უპასუხიათ, თქვენი ერთგულნი არიან, თუმცა ქეთევანთან მეგობრობენ და ხათრს ვერ უტეხავენ, თორემ დიდი ხანია ისლამზე გადმოვიდოდნენო. (შდრ. ისქანდერ მუნშის ცნობა).

ასეთია ქართული არაადამიანობის და არაკაცობის ერთი ფურცელთაგანი.

ამის შემდეგ შაჰ-აბასი დაინტერესებული იქნებოდა ქეთევანიც გადაეყვანა ისლამზე და ფორმალურად მაინც გამოეცხადებინა თავის ერთ-ერთ ცოლად. მან ხომ იცოდა, რამხელა ძალა აქვს პირად მაგალითს. ფორმალურად, რადგან ცოლები მას ცხადია არ აკლდა – მის ჰარამხანაში 500 ქალი მაინც იყო და მას არაფერში დასჭირდებოდა 10 წლით უფროსი ქეთევანის იქ ყოფნა. მაგრამ ამ ყველაფერს ქონდა მორალურ-პოლიტიკური განზომილება. ეს რა თქმა უნდა, ვერ გაიგო ბაროკოს ეპოქის გერმანელმა პოეტმა, ანდრეას გრიფიუსმა, რომელმაც დრამაც კი მიუძღვნა ქეთევანს. (“კატარინა გეორგიელი”) მასში შაჰს დედოფალი შეუყვარდა და ტირანის რეაქცია უარყოფილი გრძნობის შედეგია. გრიფიუსს ვერ წარმოედგინა, რამხელა “პოლიტიკური ცხოველი” იყო აბასი, ვინც არასოდეს ხელმღვანელობდა გრძნობებით.

თავის მხრივ ქეთევანისთვისაც, თუკი დიპლომატიურ გზას აირჩევდა, არაფერი იქნებოდა ფორმალურად ისლამის მიღება და შაჰის ასევე ფორმალური ცოლობა. სიტუაცია შეიცვლებოდა, იგი ადრე თუ გვიან მაინც დაბრუნდებოდა კახეთში, (რომლის მოსახლეობის დიდი უმრავლესობაც ალბათ ყიზილბაშური ტომები იქნებოდნენ) იგი კვლავ გადმოვიდოდა ქრისტიანობაზე ან დარჩებოდა ბოლოსდაბოლოს ისლამზე. ამაზევე ევედრებოდა მას ალავერდი-ხანის ვაჟი, სეფიანთა იმპერიის “ნომერი ორი” წარჩინებული იმამ-ყული-ხანი შეხვედრაზე და წინასწარ ეუბნებოდა რა საშინელება ელოდა უარის შემთხვევაში, მაგრამ ქეთევანმა სხვა არჩევანი გააკეთა.

მისმა არჩევანმა და ყოველივე ამის შედეგმა თვალი აუხილა ქართველობას საკუთარ უბადრუკ და აჩრდილისებრ ყოფაზე, მათ მიერ არჩეული გზის დამღუპველობაზე.

მისმა მსხვერპლმა გააერთიანა ქართველობა მარტყოფისა და მარაბდის ველებზე. მან დაწერა ჰეროიკული ისტორია, რომლითაც ნამდვილად შეიძლება იამაყო.

მისმა მსხვერპლმა უჩვენა ევროპას, თავისუფლების, როგორც ანტიკური, ისე ძველ- და ახალაღთქმისეულ იდეალებზე აღმოცენებულ კონტინენტს სიმცდარე და დამღუპველობა ევრაზიულ სივრცეში აღზევებულ მონსტრ ტირანებთან სტრატეგიული პარტნიორობისა, თუნდაც ეს ეკონომიკურად მიმზიდველი ჩანდეს.”