დეტექტიური რომანების შეუდარებელი მწერლის აგატა კრისტის ცხოვრებაში მრავლად იყო საინტერესო თავგადასავლები, თუმცა ისტორია, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, ნამდვილად ორიგინალურია:
აგატა კრისტის 11-დღიანი გაუჩინარება ყველაზე რეზონანსული და ხმაურიანი ამბავი იყო მის ცხოვრებაში. მეუღლემ, სამხედრო მფრინავმა არჩიბალდ კრისტიმ მოულოდნელად გამოუცხადა, რომ მას სხვა ქალი უყვარდა და მწერალთან დაშორებას აპირებდა.
ეს ამბავი აგატასთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა, ეცადა ურთიერთობები დაელაგებინა, თუმცა ამაოდ. ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ, მწერალი ჩაჯდა მანქანაში და სახლიდან წავიდა. პოლიციამ მისი მანქანა იპოვნა, სადაც პირადი ნივთები ხელუხლებლად ელაგა, მაგრამ მწერალი არსად ჩანდა.
გაჩნდა ათასი ვერსია – თვითმკვლელობის, მკვლელობის, გაუპატიურებისა და მკვლელობის – დაიწყო გამოძიება – ასობით პოლიციელი და ათასობით მოხალისე ჩაერთო საქმეში. არჩიბალდ კრისტის ყოველ დღე დაატარებდნენ პოლიციის განყოფილებაში და დაუსრულებლად კითხავდნენ. პოლიციამ იგი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილადაც კი გამოაცხადა. მთელი პრესა წერდა იმის შესახებ, რომ ოფიცერმა მეუღლე შესაძლოა ახალ სასიყვარულო თავგადასავალში ხელის შეშლის გამო “მოიშორა”. მისი ტელეფონი ისმინებოდა და სახლის გარშემო რამდენიმე პოლიციელი პატრულირებდა.
როდესაც აგატა კრისტი დარწმუნდა, რომ მეუღლე საშინლად გააღიზიანა და დაანევროზა, მოულოდნელად გამოჩნდა.
სულ მალე კი არქეოლოგი მაქს მალოვანი გაიცნო და ახალი ოჯახი შექმნა.