9 აგვისტო, 2022

ნინო კასრაძე: “არ მინდა ვიყო რადიკალური, მაგრამ…”

მსახიობი ნინო კასრაძე უმნიშვნელოვანესი განცხადებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას:

“ნელ-ნელა ისე შემოვიდა რუსული ენა ჩვენს ცხოვრებაში, ნებისმიერ ბანკომატს მენიუ რუსულიც დაემატა, მობილური ოპერატორები რუსულადაც მოგემსახურებიან, რესტორნები, კაფეები, საუბარზე აღარაფერს ვამბობ – ყველგან სადაც შედიხარ, რუსული ენა გესმის. ეს ჩემთვის დიდი დისკომფორტია.

რუსები ჯერ მოდიან, იკავებენ, ყიდულობენ და მერე რუსეთის ხელისუფლება მათი ინტერესების დასაცავად იწყებს მოქმედებას. ჩვენ ეს ხომ ვიცით, ხომ ყველგან ვნახეთ, ხომ გავიარეთ. თან ვკითხულობთ, რომ ლატვიამ ვიზების გაცემა შეწყვიტა რუსეთის მოქალაქეებისთვის, არათუ დააწესა, არამედ შეწყვიტა. ალბათ ისინიც ხედავენ რაღაც საფრთხეს და ამიტომ. როდესაც არ აწესებ შეზღუდვებს, არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არის, არც იცი ვინ შემოდის, როგორ შემოდის…

არ მინდა ვიყო რადიკალური, მაგრამ გამოუვალი სიტუაციაა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ცემა-ტყეპაზე გადავა ხალხი. თუ ეს არის მიზანი, ფაქტიურად მიღწეულია. მერე ვიღაცა იტყვის, არა, ასე არ შეიძლება, ეს ქსენოფობიაა. მეორე ჰკითხავს, რატომ არის ქსენოფობია, როდესაც მიწა წამართვეს სამაჩაბლოში, საფლავზე ვერ გავდივარ და…

ეს იქნება დაპირისპირების წყარო. ჩვენს საზოგადოებას კიდევ დაპირისპირება სჭირდება? ამიტომ სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს, სახელმწიფო უნდა იღებდეს თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ კომფორტი შეუქმნას, პირველ რიგში, თავის მოსახლეობას. თუ არ მოხდა კონსენსუსი საზოგადოებისა და ხელისუფლების, მაშინ მოსახლეობა თვითონ იწყებს დარეგულირებას და თავისი კონტროლის ქვეშ აჰყავს ეს პროცესი. ძალიან დიდი შარის მოწმენი გავხდებით და ძალიან ბევრი ქართველებს შორის დაპირისპირების. ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან რუსების გამო. მგონია, რომ სახელმწიფომ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თავისი კონტროლის ქვეშ დააყენოს ეს პროცესი.”