19 აგვისტო, 2022

ძალიან კარგი წერილი ფერიცვალებაზე

ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს ფილოლოგი გია მურღულია:

“უბრწყინვალესი დღე გაგვითენდა – ასეთი წელიწადში ერთადერთია.

ღმერთმა თავისი სამი მოწაფე თაბორის მთაზე აიყვანა და იქ მათ თვალწინ გარდაისახა – კაცობრივი ბუნებისგან განიძარცვა და თავისი ღვთაებრივი ბუნებით წარუდგა თხემით ტერფამდე გაოცებულ ადამიანებს.

სამოთხის დატოვების შემდეგ ასე თვალსაჩინოდ მათ ღვთის სიახლოვე არ განუცდიათ.

მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ღვთაებრივი ბუნების გაცხადების დღესასწაული – ეს ადამიანური ბუნების შეცნობისა და დაბრუნების დღესასწაულიც არის!

როდესაც პირისპირ და უშუალოდ ხედავ ღმერთს, მაშინ ყველაზე მეტად ხვდები, რას ნიშნავს ის, რომ შენ მის ხატად და მსგავსად ხარ შექმნილი. ეს უდიდესი დღესასწაულიც არის და არანაკლები პასუხისმგებლობაც.

საოცარი დღე დაგვიდგა ისევ – ღმერთმა საკუთარ სარკეში ჩაგვახედა, ანუ თავისი გამოჩენით ჩვენივე თავი შეგვაცნობინა. მან გვითხრა და გვასწავლა, რომ ჩვენც შეგვიძლია საკუთარი ნამდვილი ბუნება დავიბრუნოთ ამ ცოდვით სავსე სამყაროში – სრულყოფილებას ვეზიაროთ.

ის მთა არ დაგვეკარგოს არასდროს – საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვისაც.

გილოცავთ ფერისცვალებას!”