3 ივლისი, 2022

საუკეთესო მიძღვნა ნინო რამიშვილს და ილიკო სუხიშვილს

ქართული ცეკვის ლეგენდებს ნინო რამიშვილს და ილიკო სუხიშვილს პოეტიმა იოსებ გრიშაშვილმა 1955 წელს ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

ნინო რამიშვილს და ილიკო სუხიშვილს

თქვენი ცეკვა მასლაათობს,
ყველას ხიბლავს, ყველას ესმის…
რითმაცა გაქვთ, რიტმიცა გაქვთ,
სილამაზე ქართულ ლექსის.

საქართველოს ხელოვნება
გაიტანეთ საზღვაგარეთ,
მაგრამ განა უღიმღამოდ?
ულაზათოდ? უშნოდ? მდარედ?

არა, თქვენი მძლავრი ჯგუფი,
აკინძული თაიგულად,
შეიყვარა უცხო ხალხმაც
და თავისად დაიგულა.

უცხოელმა როცა ნახა
ცეკვა – ფეხით განაცური,
ხმლით გულდაგულ მტერზე მისვლა,
შემართება ვაჟკაცური…

სთქვა: “დავრწმუნდი, რაგინდ მტერი
შმაგობდეს და ალმასობდეს,
საბჭოეთის დამარცხება
არ მოხდება არასოდეს!”

ვინ არ ცეკვავს ეხლა ჩვენში,
მაგრამ თქვენ ხართ სულ სხვა ხილი,
ჯარს შემოჰკრებს საბრძოლველად
თქვენი ერთი შეძახილი.

და ქართველი, მტერს რომ სჩეხდა,
განა კრთოდა, ან სჩიოდა?
საქართველოს დასახსნელად
ომშიც ცეკვით მიდიოდა.

თქვენი ცეკვა რომანია,
მასაცა აქვს თავის ენა,
ის მტრედია მშვიდობისა
და შევარდნის აღმაფრენა.

ვინც კი გნახავთ, ცეკვების დროს,
გინდ ცალ-ცალკე, გინდ გუნდებად,
გეფიცებით, კუტიც იყოს,
მაინც ცეკვა მოუნდება.

საქართველოს შვილები ხართ,
ზეცამ მადლი დაგაქარგათ,
ზღვა ხართ? ცეცხლი? ბარიშხალი?
აღარ ვიცი, რა დაგარქვათ!

ეს კი ვიცი, ჩვენში ნიჭი
ფულით როდი იყიდება…
გაგიმარჯოთ, ქართველებო,
თქვენ მადლობა! თქვენ დიდება!