2 მაისი, 2022

ულამაზესი მიძღვნა ქართულ ანბანს

ქართულ ანბანს ბულგარელმა პოეტმა ლიანა დასკალოვამ ულამაზესი ლექსი მიძღვნა.

გენრი დოლიძე, პოეტი:

“ეს არის ბულგარელი პოეტის, ლიანა დასკალოვას ლექსი ქართულ ანბანზე. კირილური ანბანი, რომლითაც სლავები წერენ, – ბულგარულია. თუმცა, როგორც ჩანს ქართული ანბანი მათთვისაც საუცხოო და ლამაზია….

ერთი წუთით შეხედეთ თქვენს მდგომარეობას იმ ერის შვილის გულდაწყვეტილი მზერით, რომელსაც საკუთარი დამწერლობა არ გააჩნია – მიხვდებით რამხელა მემკვიდრეობა და ჯილდოა ჩვენთვის ის ანბანი, რომელზეც, ზოგჯერ, სახელის და გვარის დაწერაც გვეთაკილება ფეისბუქზე, აქაოდა, უცხოელი მეგობრები ლათინური თუ კირილური შრიფტით უფრო იოლად გვიპოვნიანო!

ჯემალ ინჯიას ბრწყივალე თარგმანი.”

ქართული ანბანი

“მოხაზულობა ძველი ანბანის
ქართულია და იმგვარად გვავსებს
როგორც გარდასულ დროთა ამბავი
და მოგონება უხსოვარ ჟამზე.
ეს ასოები, არც დავეჭვდები,
ჯილდოა გმირულ ხალხს რომ რგებია –
ბავშვის თითების ანაბეჭდები
ან ქართულივე ზვრის მტევნებია.
წიგნს დაფიქრებით ვფურცლავ და ვფურცლავ,
მისი ხელიდან გაშვება მიჭირს,
აღმოვაჩინე ჩემს თავში უცბად
ამ ასოების წაკითხვის ნიჭი.
ზოგი ჯაჭვსა ჰგავს, ღვინის შხეფების,
ზოგი ჰგავს ჩიტის ფრთას მოფართქალეს
კვალს თოვლისა და ფეხის შეხების
და ხშირ წამწამებს რომ აქვთ მათ ქალებს.
აი ტვიფარი მერანის ჩლიქის,
დახედავ გზას და თვალნათლივ ატყობ,
როგორ მოაფრენს, შორს, ცხრა მთას იქით
ცხენი მხედარსა და იმის სატრფოს.
აი ნისლების ხვიარები და
რა კოცონები ბნელთა გამპობი,
სისხლის წვეთები იარებიდან,
რასაც აჩენდა მტერი დამპყრობი.
ფუკტკრის ჩრდილები, ბიბინა ყანა…
უნდა შეიქმნას თუ მეკითხებით
ამ ასოებით, ნოტებს რომ ჰგვანან,
მელოდიები განა სიტყვები…
კურთხეულ იყოს ვისაც ეღირსა
ანბანის შექმნა, დადგომა ფეხზე,
მე მშურს ქართველი პოეტებისა
ამ ასოებით რომ წერენ ლექსებს.”