15 მაისი, 2022

უძვირფასესი მიძღვნა კონსტანტინე გამსახურდიას

კლასიკოს მწერალს – კონსტანტინე გამსახურდიას პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა უძვირფასესი წერილი მიუძღვნა:

“ვარდობისთვეში, დედამიწის ყველაზე პატარა მდინარის პირას მოევლინა კაცობრიობას.
განგება ურთულესი ცხოვრებისათვის ამზადებდა. მკაცრად აღზარდეს – სპარტანელივით!..
საწუთროსეული შოლტის სიმწარე მხედრული შემართებით დაითმინა.

ქართულ ფესვებზე აღზრდილი, ევროპულ განათლებას ეზიარა. ბრძენკაცად ჩამოყალიბდა.
როდენის მოაზროვნესავით ღრმად ჩაფიქრებული ჭვრეტდა სამყაროს მრუმე ლაბირინთებს. წარსულში აწმყოს ეძებდა, აწმყოში – მომავალს.

ლეონარდო და ვინჩისეული ნებისყოფა გამოუმუშავდა, მუხლჩაუხრელად შრომობდა, რული არ ეკარებოდა მის მკაცრ, გამჭოლ თვალებს. შედევრები შექმნა: ,,დიონისოს ღიმილი”, ,,მთვარის მოტაცება”, ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”, ,,დავით აღმაშენებელი” და სხვა.

თავადის თვალწარმტაცი ასული დაისვა თანამეცხედრედ. სათნოდ აღზრდილი ქალ-ვაჟი აჩუქა საქართველოს. ცხოვრებისეული ყველა სამკაული იხილა: დევნა-შევიწროება, პატიმრობა, წარმატება…

ოჯახის ძვირფასი წევრების გარდაცვალებას შეესწრო. გული ასგზის დაესერა. 1975 წელს გარდაიცვალა.

მისი ვაჟი, ზვიად გამსახურდია, ქართველმა ერმა, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტად აირჩია.

ბოლშევიკები შეესივნენ კოლხურ კოშკს. ვაჟი მოუკლეს, სახლ-კარი გადაუწვეს. ოჯახი აუწიოკეს. ძველი ჯავრი ამოიყარეს!

ნუ შეასმევთ გველს რძესო, – დაგვმოძღვრა.დიდოსტატი გახლდათ, მაგრამ, გონიერი ავაზაკის მიერ გამოკვებილი და შხამმომძლავრებული ქვეწარმავლების სიმრავლე ვერ გათვალა!..

დღეს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა!
თვალცრემლიანი გილოცავთ, ქართველებო!”