13 მაისი, 2022

თინათინ მღვდლიაშვილი დავით გურამიშვილზე

პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა თითოეულ ჩვენთაგანს კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დიდებული ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის უკრაინაში მდებარე საფლავი განსაცდელშია:

,,ვაი, რა კარგი საჩინო…”
ძალიან მიყვარს დავით გურამიშვილი და დღეს, როდესაც რუსეთის არმია უკრაინას ბომბავს, გული მწუხარებით მევსება.

უკრაინაში მდებარე ქალაქ მირგოროდშია დავითის საფლავი. ამავე ქალაქში მდებარეობს დავითის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, რომელსაც თვალისჩინივით უვლიან ჩვენი უკრაინელი ძმები. დავითის სახელს ატარებს მირგოროდში მდებარე ქუჩა და სკოლა. იქვე მდებარეობს გურამიშვილის ძეგლი.

დღეს დავითის მეორე სამშობლო განსაცდელშია და წუხს, წუხს გურამიშვილის სული!.. დიახ, უსაშველოდ, უსამანოდ მიყვარს დავითი – დიდი ქართველი პოეტი, მეომარი, მწიგნობარი, ნაღალატევი, ზნესრული რაინდი, სამშობლოდან უშვილძიროდ გადაგებული ვაჟკაცი და მისი შედევრი, განსაცვიფრებელი ,,დავითიანი”, რომელიც მეფე ერეკლეს ძემ, მირიან ბატონიშვილმა, ჩამოაბრძანა საქართველოში.

მიყვარს გურამიშვილის ღვთივსათნო, ღვთისმოშიში, ლამაზი სული და მისი ფათერაკებით სავსე, საოცარი ბიოგრაფია… დავით გურამიშვილი — ქართველი პოეტი. დაბადების თარიღი: 1705. დაბადების ადგილი: ქართლის სამეფო. გარდაიცვალა: 21 ივლისი, 1792, მირგოროდი, უკრაინა.

დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ეზოში
უფალმა აცხონოს დავით გურამიშვილი!
მშვიდობა საქართველოს და უკრაინას!
ქრისტეს შეწევნა დავითის ორივე სამშობლოს!
ქრისტეს უყვარხარ, დავით!

პ.ს. სამწუხაროდ, რუსმა ოკუპანტებმა სასტიკად დაბომბეს მირგოროდი…
ქრისტე, გადაარჩინე დავითის საფლავი!”