8 მაისი, 2022

მიხეილ ქვლივიძის საუკეთესო სიტყვები

პოეტ მიხეილ ქვლივიძის სათქმელი მის ლექსებში უნდა ვეძებოთ. ულამაზესი და გამორჩეული რითმებით პოეტი ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურებს.

“არტინფო” გთავაზობთ მიხეილ ქვლივიძის ერთ-ერთ ლექსს “ის მაინც ბრუნავს”:

“ის მაინც ბრუნავს!“… ღმერთმა ნუ ქნას, გიორგი ჩემო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, და სიცოცხლის დავკარგოთ გემო,
გადავივიწყოთ სიყვარულის ძველი ზღაპარი
და სატრფოს მხრებზე დაფენილი ლომის ფაფარი
არ იყოს ჩვენი შთაგონების თავშესაფარი!..
ღმერთმა გვაშოროს, ღმერთმა ნუ ქნას, ჩემო ძმობილო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, აღარ ვიყოთ უკმაყოფილო
საკუთარ ბედით, უბედობით, ნამოღვაწარით,
ყველაფრით – ჩვენში რაც არსებობს, სხვებში რაც არი…
ღვინოს ვსვამდეთ და არ გვათრობდეს ღვინო ალალი,
სათქმელზე უფრო მეტი გვქონდეს დასამალავი,
შეძენის ჟინმა გაგვიქარწყლოს ხარჯვის ხალისი,
საკუთარ სახელს ვამჯობინოთ ყალბი ხარისხი,
ჩვენი სახლები დავამსგავსოთ სოროს ან ბუნაგს
და დავივიწყოთ შეძახილი: „ის მაინც ბრუნავს!“…
ის მაინც ბრუნავს! მაინც ბრუნავს! ბრუნავს, ტიალი!
არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი,
მუდმივი ქროლვა, არა მალვა, თავის დანდობა,
არა დარდისგან მოდუნება, – დარდიმანდობა,
და მუდამ, მუდამ სიახლისკენ სწრაფვა ველური,
და ჭირსა შიგან გამაგრება რუსთაველური,
და მტკიცე ქედი, ქედი – ძნელად გასაღუნავი,
და გაჭირვების ჟამს სიცილის შნო და უნარი,
და თუ, ოდესმე, ამ სიცილის დავკარგავთ უნარს, –
სხვამ დაიძახოს ჩვენს მაგივრად: „ის მაინც ბრუნავს!”