მერაბ კოსტავა: “დაიმახსოვრეთ!”

სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა მერაბ კოსტავამ ქართველებს უძვირფასესი სიტყვები გვითხრა:

“დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ, იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწყვეტთ, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც!

თუ არ გავერთიანდებით, ერთმანეთის ქიშპობას და ლანძღვას თავს არ დავანებებთ, ისეთ უკუნში აღმოვჩნდებით, რომ ხელის ცეცებით დავუწყებთ ერთმანეთს ძებნას, მაგრამ ვეღარ ვიპოვით.

ნუ გადააყოლებთ ვიწრო პარტიულ ინტერესებს საქართველოს. ყველა ქართველისთვის უნდა არსებობდეს ერთი პარტია – საქართველო!

სრულიად საქართველოს გაერთიანებისათვის, მისი ნათელი მომავლისათვის, ერთა შორის კეთილმეგობრული დამოკიდებულების განმტკიცებისათვის, ეკონომიკის სწრაფი გზით გაძლიერება-აღზევებისათვის, ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებისათვის, დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტისათვის, ახალგაზრდობისა და მომავალი თაობის ზნეობრივ-მორალური გაჯანსაღებისათვის, გადაუდებელ საქმედ მიგვაჩნია, მხატვარ-დიზაინერის, შალვა შიოს-ძე კაჭარავას მიერ, ძველ ტრადიციებზე დაყრდნობით შემუშავებული, ახალი ტიპის ქართული სოფლების რესპუბლიკის მასშტაბით განაშენიანება, რომელიც ფართოდ იქნა მოწონებული, რესპუბლიკის ორმოცდაორი რაიონის პარტიული, სამეურნეო, მთელი რიგი შემოქმედებითი კავშირებისა თუ საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ, რაც დოკუმენტურად არის წარმოდგენილი.

მე, მთელის სულით და გულით ვუჭერ მხარს მხატვარ-დიზაინერ, შალვა შიოს ძე კაჭარავას იდეას, ახალი ქართული წრიული სოფლების საქართველოს მასშტაბით გაშენების თაობაზე. იგი მიმაჩნია საქართველოს ზნეობრივი გაჯანსაღების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად.
ქართული სოფელი უნდა აღდგეს მთელი თავისი ტრადიციული, მამა-პაპური ჩვევებითა და იერსახით.

მაშ ასე, დავუბრუნდეთ დედა-ბუნების წიაღს, რამეთუ ბუნების შემეცნება გზაა ღვთისაკენ.

ჩვენთან არს ღმერთი.”