2 მაისი, 2022

გალაკტიონ ტაბიძის საოცარი ამბავი

გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებაში არის ერთი გამორჩეული ამბავი, რომელსაც დავით კასრაძე იგონებს:
“მოგონებები გალაკტიონზე”

“- ესაა ქუთაისი – პატარა პარიზი, – მითხრა გალაკტიონმა.
მე გამეღიმა:
– ეიფელის კოშკი აკლია.
გალაკტიონმა ხუმრობა განაგრძო:
– აი, ესაა ქუთაისის „ბაღის კიდე“. პარიზში ხომ გინახავს ელისეის მინდვრები ან ლუქსემბურგის ბაღი?
მე გამახსენდა ელისეის გიგანტური ბულვარი და გამეცინა.
– ახლა მარჯვნივ მიიხედე! ეგაა მთავარანგელოზის ეკლესია, „ნოტრ დამ დე პარი“ – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
მსგავსება იმდენად „დიდი“ იყო, რომ ისევ გამეცინა.
– სწორს გეუბნები, ნუ იცინი, აი, ესაა ჩილინგარიშვილების საკონდიტროები, რომელიც აღემატება თავის ხარისხით კაფე „პასკალს“.
– ეს რა კიოსკებია?
– ო, ეს კი ლაღიძის წყლების მაღაზიებია, აქ უკვე ხუმრობა გაშვებით, პარიზელებსაც არ ექნებათ ასეთი საუკეთესო, სურნელოვანი ლიმონათები, როგორსაც ჩვენ ვამზადებთ.
ეტლმა გაიარა ძველი ეკლესია.
მოწამეთაში ცალკე გზით ჩავედით და გამოჩნდა აღმართიც, გელათის გრანდიოზული მისასვლელი.
გელათის კარიბჭესთან ვეებერთელა ქვა შევნიშნე.
– აი, ეს ქვა თვითონ დავითმა ამოზიდა საკუთარი მხრებით, – მითხრა გალაკტიონმა.
მე თვალები დავაჭყიტე:
– რას ამბობ, კაცო, ამოდენა ქვას როგორ ასწევდა?!
გალაკტიონს საშინლად ეწყინა:
– მაშ, დავითი რაღა დავითი იქნებოდა?..
– არა, გოლიათი რომ იყო, ეს ვიცი, მაგრამ…
– რა მაგრამ… მითხარი! – შემომანათა გალაკტიონმა ჯიღა თვალები.
– რადგან პარიზს ვახსენებდი, გეტყვი. პარიზში, ნაპოლეონის ბრძანებით ძველი მემფისიდან ასი უღელი ცხენით ძლივს გადაიტანეს მთლიანი ქვის სვეტი, ეგვიპტური წარწერით. ეს ქვა იმ ობელისკზე მეტია.
– არა! დავითის ამოტანილია, დავითის! ასე იცის ქართველმა ხალხმა, ასე მწამს მეც.
რაღას ვიზამდი! რასაც ხალხის ბეჭედი აზის, უნდა იწამო კიდეც, მით უმეტეს, როცა გალაკტიონი ემოწმება!”