26 მაისი, 2022

დიდებული მიძღვნა მერაბ კოსტავას

მერაბ კოსტავაზე არაერთი დიდებული და არავეულებრივი წერილი დაწერილა, თუმცა ჩანაზერი, რომელის ავტორით ლელა ანჯაფარიძეა, ნამდვილად გამორჩეულია:

“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მინდა გავიხსენო ბატონი მერაბ კოსტავა…

რა სიმბოლურია, კაცი, რომელიც იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ამ ბრძოლას შეეწირა, სწორედ 1918 წლის დამოუკიდებლობის პაქტის ხელმოწერის დღეს , 26 მაისს დაიბადა…სამწუხაროდ, მოასწრო მხოლოდ 50 წლის ზღურბლის გადაბიჯება…ამ დროშიც უამრავი რამ მოასწრო და უამრავი რამ – ვერა… და ის, რაც ვერ მოასწრო ნამდვილი ტკივილი და დანაკარგია არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის და ახლობლებლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რადგანაც მე დარწმუნებული ვარ, ის ცოცხალი რომ ყოფილიყო, ბევრ ცუდ რამეს ავცდებოდით ბევრ შეცდომას არ დავუშვებდით და ნაკლებად ვატკენდით ერთმანეთს გულს…

არ ვიცი, რატომ ვარ ამაში დარწმუნებული…
სავარაუდოდ, რადგანაც მართლა გმირის სული ჰქონდა…
იყო ბავშვივით გულწრფელი, უშიშარი, პირდაპირი, სრულიად უღალატო, პრინციპული და გასაოცრად ნიჭიერი კაცი…
პროფესიით მუსიკოსი იყო, შესანიშნავად მღეროდა, ულამაზეს ლექსებს და პოემებს წერდა…
ზოგჯერ ვფიქრობ, რა ძალა და წინაპართა რა ძახილი ტრიალებდა ამ კაცის შიგნით… რა ვერ ასვენებდა?
ყოფილიყო თავისთვის, ეწერა შესანიშნავი ლექსები…
მაგრამ მაშინ მერაბი ხომ არ იქნებოდა კოსტავა…

ზოგი ცდილობს პოლიტიკაში წასვლას თანამდებობისთვის, ზოგი – პოპულარობისთვის, ზოგს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა…
მერაბ კოსტავას არაფერი ეს არ აღელვებდა… ის სულ სხვა განზომილებაში ცხოვრობდა…
როდესაც მას ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, პასუხობდა: “მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო”.
და იცით, რა არის მთავარი, რომ ყველამ იცოდა, რომ მართლა წავიდოდა…
მაგრამ ის დამოუკიდებელ საქართველოში არასდროს არ დაუშვებდა, უბრალოდ, ვერ დაუშვებდა უსამართლობას და ჩაგვრას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. არაპროფესიონალიზმსა და არაგულწრფელობას… და რაც მთავარია, ღალატს…
ასეთ ადამიანებს იმ სოფლიდანაც გაიმეტებდა, რომელშიც წავიდოდა…

ამის წინ საოცარი გამოთქმა წავიკითხე – „უფრო მთავარია კაცი გვერდში დაგიდგეს, როცა კარგად და წარმატებულად ხარ, თორემ უბედურებაში ყველა გიდგება, – ვალიაო“…
არის ამაში რაღაცა თავისებური სიბრძნე…
მერაბ კოსტავა გაუტეხელი კაცი იყო, უამრავი განსაცდელი და გასაჭირი გამოიარა და შეძლო შეენარჩუნებინა რწმენა, სისპეტაკე და ბავშვური მიამიტობა…

მისი მეგობარი, ზურაბ შაუთიძე იხსენებდა, რომ 1980 წელს, როდესაც მან ბატონ მერაბს, მის დედასთან, ქალბატონ ოლღა დემურიასთან ერთად ჩააკითხა გადასახლებაში, ირკუტსკის ოლქის დაბა კვიტოკში, მერაბმა მოყვანილი ბოლოკი და წიწმატი მოიტანა სუფრაზე და შემოჩივლათ, აქ პატარა ბოსტანი გავაკეთე, იქ, ჩვენთან, ბოლოკი კონად მოდის, აქ კი სათითაოდ იკეთებს თავსო“…
ყველას გაეცინა, მერაბს არ ცოდნია, რომ ბოლოკი საქართველოშიც სათითაოდ მოდიოდა და უბრალოდ შეკონილი იყიდებოდა…

მაგრამ ის საქართველოში იყო შეყვარებული მთელი თავისი არსით… აქაური ყველაფერი ერჩივნა…
დღეს რომ წარმოვიდგენ, უცებ რომ მოხდეს სასწაული და ბატონი მერაბი დაგვიბრუნდეს ცოტა ხნით მაინც და გაიაროს ჩვენს ქუჩებში, სავარაუდოდ, ბევრი რამე მოეწონება, მაგრამ ბევრ რამეზე გული ჩაწყდება… ყველაზე უფრო მეტად, ალბათ, ურთიერთობებზე…

ამიტომ, მართლა ბებერი პენსიონერივით, სულ ვეხვეწები და დღედაღამ ჩავჩიჩინებ ყველას – შევინარჩუნოთ ქართული ზრდილობა და ის საოცარი ღირსებები, რაც გენეტიკურად აქამდე ჯერჯერობით მოგვყვა…
კარგი გამარჯობა, უფროსებისა და მანდილოსნებისადმი კდებამოსილება, მშობლიური ენის პატივისცემა… მე მახსოვს ის დრო როცა სიტყვა „გინება“ თავისთავად უკვე გინება იყო!!!

ჩვენ არასდროს არ გვანსხვავებდნენ და არ გვცნობდნენ კეხიანი ცხვირით…
ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ ერს აქვს კეხი…
ჩვენ გვანსხვავებდნენ ადამიანობით, ვაჟკაცობით, ნიჭით, იუმორით, ხელგაშლილობით, სტუმარმასპინძლობით, სილამაზით და… მიმტევებლობით…

მახსენდება მერაბ კოსტავას სიტყვები…
“თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ.”
მე მჯერა, რომ ეს დრო არ დადგება…
საქართველომ და ქართველმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და ნამდვილად არ არის ამის ღირსი…
ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად გვექნება!!!

ბატონმა მერაბმა ბრძანა –
„და მაშინ ვიტყვი, მსხვერპლი შენთვისაც
ეკლიან გზებზე ავათავთავე,
რადგან ვით სულის, ნაღდი ლექსისაც,
სასუფეველი არის სათავე.
იმედი იგი, ყოვლის მძლეველი,
მეოხად ჩვენდა შენგან ისახვის,
რადგან კაცთაგან შეუძლებელი,
შესაძლებელი არის ღვთისათვის.
ჭეშმარიტების მიჯნურთა მწდეო,
ბჭეთა დახშულთა ლოცვავ ფარულო,
მარადი მამის მარადო ძეო,
რწმენავ, იმედო და სიყვარულო“.