18 მაისი, 2022

ანა კალანდაძის უძვირფასესი სიტყვები ლადო ასათიანს

ანა კალანდაძემ უძვირფასესი სიტყვები უძღვნა ადრეულ ასაკში გარდაცვლილ პოეტ ლადო ასათიანს და მისადმი მიძღვნილ ლექსს “სასაფლაოს გაზაფხული” უწოდა:

“სადმე, ახლოს, მზეი გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან, იტირებენ და ქართული,
და ქართული,
„უფლის ხელით დახატული“
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს.
და თუ მუდამ შენ მღეროდი ტკბილი ენით,
სასაფლაო? სასაფლაო დუმილს ირჩევს.
ქარი მოვა, მზეც ჩამოვა ხშირად ზენით
და „თბილ საფლავს“
თვის ოქროს ფეხს დააბიჯებს.
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს…
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს…
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო…
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
მუქ ლურჯ ცაზე მტრედისფერი ნისლი ცურავს,
ბრწყინვენ ცვარნი, ცრემლებივით ციმციმებენ…
სასაფალაოს ნაკადულზე ჩამოსულან
„ნამკაშურის წისქვილები“…
მზე, ჩამოვა, ქვის ძეგლებზე სხივებს დაღვრის,
ქვის ძეგლებზე, ჟამთა სვლით რომ დაღარულან…
ცა ირხევა, ვით ერეკლეს ბაირაღი,
და ნაძვები „ნაფიქრალით დაფარულან“,
სასაფლაოს გაზაფხულიც წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის…
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის.”