19 აპრილი, 2022

სიკვდილისა და სიყვარულის შესანიშნავი დიალოგი

გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა სიკვდილისა და სიყვარულის დიალოგი?

ამ თემას ფილოლოგმა გია მურღულიამ შესანიშნავი მინიატურა მიუძღვნა:

“- წამოხვალ ჩემთან?
– ვერა. მე ვერასდროს ვერსად მივდივარ, იმიტომ რომ მუდმივად ყველგან ვარ.
– ჩემთანაც ხარ? ჩემნაირ საშიშთან…
– რა თქმა უნდა. შენ არ ხარ ცუდი – გარდაქმნა ხარ და არა დაბოლოება.
– განა მე შენი დასასრული არ ვარ?
– დასასრული რომ იყო, შენთან წამოსვლას არ შემომთავაზებდი.
– იცი რა? მგონი, მიყვარხარ.
– სიყვარულს პირველად უხსნიან სიყვარულს. და თანაც – ვინ.
– მე არ შემიძლია მიყვარდეს?
– შენ? – ყველაზე მეტად. ფერისცვალების წინ ყველაფერი უკეთ შეიცნობა.
– ჰოდა, წამოხვალ ჩემთან?
– ვერა. მე ისედაც შენთან ვარ.
– მე მიწა ვარ, შენ – ცა.
– მე ფიქრი ვარ, შენ ფიქრის განცდა.
– ახლა მივხვდი, რატომ ეშინიათ ჩემი.
– გამიმხელ?
– დიახ. ვერ გაუგიათ, რით განსხვავდება ერთმანეთისგან სიკვდილის სიყვარული და სიყვარულის სიკვდილი.
– ფილოსოფოსიც ყოფილხარ.
– შეყვარებული ფილოსოფოსი ვარ.
ისინი გზას მიუყვებოდნენ.
გზას ბოლო არ უჩანდა.
ორივე ადამიანი იყო.
ერთი ადამიანი…”