30 აპრილი, 2022

შალვა ამონაშვილი ბედნიერებაზე

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ბედნიერებაზე ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს:

“აზრები ბედნიერებაზე

რას ვურჩევთ ხოლმე ერთმანეთს?

ვურჩევთ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს, სიკეთეს, ჯანმრთელობას, წარმატებას, ანუ ყველაფერ იმას, რაც, ჩვენი აზრით, ადამიანს აკლია და ძალიან სჭირდება. ჩვენ მართლაც გვაკლია ყველაფერი ეს. განსაკუთრებით კი გვაკლია ბედნიერება, რომელსაც თან სდევს სიხარული.

ბედნიერებას ჩვენი ცხოვრების ნათელ მოვლენად განვიცდით. არანაკლებ გვაკლია სულის ისეთი განცდებიც, როგორიცაა კეთილაზროვნება, საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვა, სილამაზის განცდა, სამართლიანობა, თანამოძეთა სიყვარული.

ჩვენ შეგვეძლო ერთმანეთისთვის გვეთქვა: “გისურვებ კეთილაზროვნებას”, “ადამიანებზე ზრუნვას”, “სილამაზით ცხოვრებას” და ასე შემდეგ. ეს სურვილებიც ბედნიერების წყაროა. მაგრამ ასეთი რამ რომ ვუსურვოთ ერთმანეთს, ამას საჭიროდ არ ვთვლით, ან უხერხულად მიგვაჩნია, ვაი თუ ვაწყინინოთო. არა და მეტად საჭიროა, რომ ასეთი რამ ვუსურვოთ მოყვასს.

რა შეუძლია ჩვენს სურვილებს – “გისურვებ ბედნიერებას, წარმატებას, სიკეთეს”? თითქოს და ჩვენ პასუხს არ ვაგებთ იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს ჩვენი სურვილი, არც გვგონია, რომ რამეს მოიმოქმედებს. თითქოს და ჩვენ უბრალოდ კეთილი ნება გამოვავლინეთ, ახლობელს კარგი რამ ვუსურვეთ და ამით დასრულდა ყველაფერი. სინამდვილეში კი ჩვენი სურვილი ჩვენთვის უხილავი გზებით მეტად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მით უფრო, თუ სურვილი გულწრფელია, სიყვარულითა და თანაგრძნობით არის სავსე.

სასხვათაშორისოდ, კეთილ გრძნობათა გარეშე გამოთქმული სურვილები ფუჭი და საზიანოა. ჩვენს კეთილ გრძნობებს იმის ძალა აქვთ, რომ მომავალი მოამწიფონ. მათ შეუძლიათ ადამიანს შესაბამის მოქმედებებისკენ უბიძგონ. სურვილები მონაწილეობენ ისეთ ვითარებათა შექმნაში, რაც მათ შინაარსს შეესაბამება. რაც უფრო ხშირად და გულწრფელად ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებასა და სიხარულს გრძნობით წარმოთქმული სიტყვით თუ აზრით, მით უფრო მეტი წარმატება გვექნება ცხოვრებაში. ასეთი სურვილები და განცდები ჩვენს წარმოდგენებში ყოველთვის უნდა ვუგზავნით ერთმანეთს. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მარტო სურვილი მოყვასის მიმართ “ბედნიერი იყავიო” მთებს ვერ დაძრავს, თუ რაღაცნაირად ერთმანეთს არ შევეშველებით.

ბედნიერება ერთმანეთის მიმართ სიყვარულითა და მხარში დგომით მიიღწევა. ბედნიერებას სიყვარულით გაჟღენთილი გრძნობები და ერთმანეთისთვის თავდადება აშენებს.”