12 აპრილი, 2022

ყურადღებით მოუსმინეთ ზვიად გამსახურდიას

ზვიად გამსახურდიას პოეზია ნამდვილად გამორჩეულია – პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულ თითოეულ სიტყვას რთულია არ დაეთანხმო.

მის ლექსში “მესხეთისადმი” სამშობლოს უკიდეგანო სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა:

“შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია,
სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა,
შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია,
ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.
შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები,
მუნჯი მოწამე წარსულისა – მდუმარე მტკვარი,
ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები,
კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.
შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,
ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,
ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.
ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები,
ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება,
მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები,
და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.
აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით,
დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები,
მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები
და საფლავებზე გახლართულან უსურვაზები.
თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი,
სეფე გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი,
გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს,
ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური.
ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,
დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,
დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,
ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.
ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი,
თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას
ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის
ქართული მოდგმის საუკუნოდ არგადაგებას.
ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული,
დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,
ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული,
და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.
გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,
მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას,
წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,
ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.”