3 აპრილი, 2022

ოტია იოსელიანი ჭეშმარიტ სიყვარულზე

სიყვარულზე ბევრი თქმულა და ბევრის დაწერილა, მაგრამ ოტია იოსელიანის წერილი სიყვარულზე სულ სხვაა:

“რად უნდა წინასწარმეტყველება იმას, რომ თუ ორს ორს მიუმატებ, ყოველთვის ოთხს მიიღებ, არც მეტს და არც ნაკლებს…

არც წინასწარმეტყველი ვარ, არც გულთმისანი და არც ბრძენთა ბრძენი. ქართველი ვარ, ჩემი ქვეყანა და ყველაფერი ქართული მიყვარს – მიწა, ცა, წყალი და რაც მთავარია, ადამიანები…

ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, მას ვერავინ მოატყუებს და მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. რომ ვტრაბახობთ – საქართველო სამოთხეა, უფალს თავისთვის ჰქონდა შეგულებული და ის გვაჩუქა ქართველებსო – ასე დავუფასეთ, რომ ჯოჯოხეთად ვაქციეთ აქაურობა და, პირველ რიგში, საკუთარ თავს მოვუწყვეთ კუპრით სავსე, ცოდვით ადუღებული ყოფა?!

სამოთხეში არც პური ჭირს, არც წყალი და არც სიყვარულის დეფიციტია… ჩვენ ერთმანეთი რომ აღარ გვიყვარს და თუ საკუთარი ცოლ-შვილი მაძღარი გვყავს, სხვის დამშეულ მოხუცს და ბავშვს რომ ვერ ვამჩნევთ, ესაა სიყვარული?!”