24 აპრილი, 2022

იესოს როლის შემსრულებლის ვიდეო

მსახიობმა ჯიმ კავიზელმა რეჟისორ მელ გიბსონის ფილმში “ქრისტეს ვნებანი” მთავარი – იესოს როლი შეასრულა და ათასობით მაყურებლის აღფთრთოვანება შეძლო.

მელ გიბსონი ეძებდა მსახიობს, რომლის სახელსა და გვარს ექნებოდა ინიციალები J. C – jesus christ, ვინც იქნებოდა 33 წლის, რომ ეთამაშა იესო ქრისტეს როლი. სწორედ ამ დროს ჯიმ კავიზელი იყო 33 წლის და მისი სახელისა და გვარის ინიციალებიც  J. C – James Caviezel იყო.

რეჟისორმა დაურეკა მსახიობს და ფილმში მიიწვია, თუმცა გააფრთხილა, რომ იესოს როლი ძალიან რთული შესასრულებელი იქნებოდა და თუ დათანხმდებოდა, შესაძლო იყო, ჰოლივუდში კრიტიკის ქარცეცხლში გაეტარებინათ. ამის მიუხედავად მსახიობი რეჟისორის წინადადებას დათანხმდა.

გადაღებების დროს მსახიობმა 20 კილოგრამი დაიკლო, მეხი დაეცა, საკმაოდ მძიმედ ორჯერ მათრახი მოხვდა, დარჩა 35 სანტიმეტრიანი ნაწიბური, ამოიგდო მხარი, დაემართა პნევმონია და ჰიპოთერმია, საათობით სიცივეში შიშვლად ყოფნის გამო… მაგრამ ამ ყველაფერს მისთვის ხელი არ შეუშლია, როლი იდეალურად ეთამაშა.

“არ მინდა ადამიანები მე მხედავნდენ, მინდა რომ ჩემი ამ გარდაქმნით მათ იესო დაინახონ,” – ამბობდა მსახიობი.

ფილმის გადაღებები ძირითადად იტალიაში, ქალაქ მატერაში მიმდინარეობდა, ამიტომ მასში ბევრი იტალიელი მსახიობი მონაწილეობს – მონიკა ბელუჩი მარია მაგდალინელის როლში, როსალინდა ჩელენტანო (ადრიანო ჩელენტანოს შვილი) სატანას როლში, ლუკა ლიონელი – იუდას როლში…

როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ამ ფილმზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს, ბევრი უცნაურობა გადახდათ თავს:

ბარაბას როლის შემსრულებელი – პედრო სარუბი ამბობდა, რომ ის ამ ყველაფერს ისე გრძნობდა, როგორც სინამდვილეს, რომ მას კავიზერი კი არ უყურებდა ნაწყენი, ან სიძულვილით სავსე თვალებით, არამედ თვით იესო, რომლისგანაც მხოლოდ წყალობა და სიყვარული მოდიოდა.

იუდას როლის შემსრულებელი ლუკა ლიონელი ათეისტი იყო. ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ, მან ქრისტიანობა აღიარა, აღსარება ჩააბარა და შვილებიც მონათლა.

ტექნიკური ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელი, რომელიც მუსულმანი იყო, ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ გაქრისტიანდა.

გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ გადაღებების დროს ხედავდნენ თეთრებში ჩაცმულ ადამიანებს, რომლებიც მათ რჩევებს აძლევდნენ, შემდგომ კი უკვე გადაღებულ ფირებში არსად ჩანდნენ.

მელ გიბსონის ფილმი “ქრისტეს ვნებანი” არის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ამერიკის შეერთებულ შტატებში – 370 მილიონი დოლარით, ხოლო მსოფლიოში რეკორდული მაჩვენებელი აქვს – 611 მილიონიანი შემოსავალი.
თავად რეჟისორმა ფილმის გადაღება 30 მილიონი დოლარით დააფინანსა, რადგან არც ერთი სტუდია არ დათანხმდა პროექტის დაფინანსებას.

“ფილმმა “ქრისტეს ვნებანი” ჩემი სამსახიობო კარიერა დაანგრია, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვნანობ, რადგან ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა კიდევ უფრო განმემტკიცებინა ჩემი რწმენა ღმერთისადმი.” – განაცხადა ჯიმ კავიზელმა.