1 აპრილი, 2022

გამორჩეული წერილი ზურაბ ქაფიანიძეს

ზურაბ ქაფიანიძის სახელისა და გვარის ხსენებაზე ყველას მაშინვე თვალწინ წარმოუდგება მსახიობი, რომელმაც ათასობით მაყურებელს თავი სამუდამოდ შეაყვარა.

ჯუბა ღებელი:

“ვერ გაცეკვეს მეფის კარზე,
ვერ შეგცვალა დრომო,
საქართველოს ბედ-იღბალზე,
მოღრიალე ლომო!” – ეს სტრიქონები გარდაცვალების პირველივე წუთებში დაუწერა ორი საუკუნის გასაყარზე მდგომ ბუმბერაზ ქართველს თემურ ჩალაბაშვილმა…

დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა…

ვიტყვი ხოლმე ხანდახან – ახლა რომ ცოცხალი იყოს… ნაღვლიანად ჩაიღიმილებდა თავის ისტორიულ ნაშრომზე, რომელსაც მაშინ ლამის მთელმა სამეცნიერო ელიტამ ირონიით შეხედა… არა და მსახიობის გარდაცვალებიდან სულ მალე ბრიტანეთის და არა მარტო ბრიტანეთის მეცნიერთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ქართველები არათუ შთამომავალნი ვართ შუმერებისა, არამედ წინაპრები!..

დიდი იყავ და დიდად დარჩები ჩემო მიწა-წყლის ღვიძლო შვილო და ჭირისუფალო…

გჯეროდეს, შენი აჩრდილი დადის თბილისის ქუჩებში და შენებური ომახიანი შეძახილით გვამხნევებს – ნუ გეშინიათ, საქართველო გაბრწყინდებაო!..

ნათელში იყავ დიდო არტისტო და დიდო ქართველო!..

დღეს დიდუბიდან პლეხანოვზე გადმოინაცვლებს შენი საძმო და ჭიქას წაგიქცევს… იქაც დიადად გვეყოლე რიონის ტალღებს ასხლეტილო დიდო მაესტრო!..

***
ნისლებიც ტოვებენ,
ზეცის ლურჯ სამანებს,
შენ გავდი ტორებზე
მდგარ სამას არაგველს..
გვაკლიხარ, გვიყვარხარ,
გიხსენებთ მადლიანს,
შენ გავდი დიდ ცხრა ძმას
და ცოტნე დადიანს…
შენ გავდი ამირანს,
დევების ნაშობო,
ფაზისით რაჭიდან,
დაგქონდა სამშობლო!..
შენ დარჩი მინდიად,
დათვივით ტორებით,
ძალიან დიდი ხარ,
რას დაგეტოლებით!..”