14 აპრილი, 2022

14 აპრილი – ქართული ენის დღე

14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება. ფილოლოგი გია მურღულია ამ დღის მნიშვნელობას პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან წერილში განგვიმარტავს:

“14 აპრილი – ქართული ენის დღე.

რას ნიშნავს ადამიანისთვის მშობლიური ენა – რას ვდღესასწაულობთ ქართველები ამ დღეს და რას დავუდგით ძეგლი თბილისის ცენტრში?

ქართველმა კაცმა მშობლიური ენა თავისი ხანგრძლივი არსებობის უმთავრეს ტრიადაში შეიტანა – ამ სამებას მამული, ენა და სარწმუნოება ჰქვია.

გიორგი მერჩულემ და ილია ჭავჭავაძემ ნათლად გამოხატეს ეს აღქმა, ხედვა და განწყობა. მეორეს სიტყვები უკვე ვახსენეთ, პირველი კი “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” ამბობს: “ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაც შინა ქართულით ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების”. ქართლი ის არის, სადაც წირვას ქართულად აღასრულებენ და ლოცვასაც ქართულად წარმოთქვამენო. საქართველო ქართულად მოლაპარაკეთა ქვეყანაა. ასე იყო და ასე უნდა იყოს სამარადჟამოდ, სანამ ერთი ქართველი მაინც დადის ამ ქვეყანაზე.

არის ღმერთი, არის სამშობლო და არის ენა, ცნობიერება, რომელიც იმ პირველ ორს აღიქვამს, შეიმეცნებს და გამოხატავს. სწორედ ეს მესამე ანიჭებს აზრს კაცთა ცხოვრებას.

დაბოლოს:

ენას დაცვა სჭირდება არა მხოლოდ განსაცდელის ჟამს, არამედ ყოველდღე. ის, რაც საუკუნეთა განმავლობაში ვერ წაგვართვა მოძალადემ, ჩვენ თვითონ არ უნდა წავართვათ ჩვენს თავს.”