19 მარტი, 2022

უნიჭიერესი მირზა გელოვანი

პოეტ მირზა გელოვანის გულისცემა 27 წლის ასაკში მეორე მსოფლიო ომში შეწყდა.

უფროსი ლეიტენანტი ზარბაზნების ქუხილშიც კი არ მიატოვა მუზამ და სასტიკ ომში საოცარი ლექსები დააწერინა.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

შენ

შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი… გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს…
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.”

1942 წელი

ფრონტი