უნიჭიერესი გიორგი ლეონიძე

პოეტმა გიორგი ლეონიძემ უძვირფასესი და ულამაზესი ლექსი მიუძღვნა ყველა იმ ვაჟკაცს, რომელიც ომში დაიღუპა:

“შინმოუსვლელო, სადა ხარ,
შენ ხომ თბილისი გიყვარდა?
სად ლპება შენი ქოჩორი,
თვალი სად ამოგიღამდა?
თბილისში ვარდი აყვავდა,
შენ სად არჩიე დარჩენა?
ნეტავი წამოგახედა,
მთაწმინდა კიდევ გაჩვენა!
შორი გამხდარა სავალი,
რამდენიც გინდა იარო;
აღარც ჩანხარ და ვერც მოხვალ,
მხედარო გულნატყვიარო!
პირს დაგრჩენია ღიმილი
სამშობლოს მოგონებისა,
კიდევ თუ გესმის მტკვარის ხმა,
გუგუნი ქართლის მთებისა?
მინდვრის შამბნარმა დასუდრა
შენი ობოლი საფლავი;
თმაგადაშლილი ქალივით
დაგაბრწყინდება ვარსკვლავი!
დედის ცრემლების სანაცვლოდ
გასველებს ღამის ნაწვიმი,
ნაქროლი საქართველოდან,
ფრთას დაგაბერტყავს არწივი!
თვალში გვაკლიხარ, სადა ხარ,
შენ ხომ თბილისი გიყვარდა?
შენი ქართული მარჯვენა
სად ჩაიშალა თიხადა?
მიჰყავდი იერიშებზე
სამშობლოს, ვინც შენ დაგბადა,
დედის ლეჩაქს და ყრმის აკვანს,
საფლავებს მამა-პაპათა.
ცეცხლით ნადუღარ გრიალში
დაეცი გმირი გულჩქარი;
და ახლა ჩუმად შრიალებს
შენს სამარეზე ბუჩქნარი…
მაგრამ უეცრივ მაშხლები
ვარდისფრად აფეთქდებიან
და ქალაქები თავდახრით
შენს წინ სალამში დგებიან;
დაგბაასობენ გუგუნში
ალერსიანი მადლობით,
რომ დაუბრუნე სიცოცხლე
ნართმევი უსამართლობით.
სისხლით სიცოცხლის მიმცემი,
სიკვდილის უბეს სცილდები,
გმირო, დამხსნელო, ჩვენ შორის
მზესავით განაწილდები,―
რომ უფრო მეტად ნათობდეს
შენი სამშობლოს დიდება,
მზე გმირის ხმალზე მბრწყინავი
არასდროს დაიბინდება!”