ტარიელ ჭანტურიას შედევრი

პოეტ ტარიელ ჭანტურიას გენიალური პოეზიიდან “არტინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ შედევრს:

“შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.
შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი –
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი…
რა ჯობს – სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად ჯობს – მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე – მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე – მთვარეზეც მაღალი მთვარე,
და ცა! – ღმერთების ცისფერი ჰოლი –
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს…
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით –
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:
ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!
უხერხულია – შენ გერქვას ცოლი –
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! –
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ…”