სოხუმის თეატრის საოცარი ისტორია ნიკა წერედიანისგან

სოხუმის თეატრის მსახიობი ნიკა წერედიანი მის მშობლიურ თეატრზე საოცარ ისტორიას გვიზიარებს:

“დღეს თეატრის საერთაშორისო დღეა და მე სოხუმის თეატრში ვმუშაობ. ამბობენ, ცხოვრება თეატრიაო, ზოგიც ამბობს, თეატრი სარკეაო. დიახ ასეა, ჩემი ცხოვრება მართლაც თეატრია, მე ხომ შთამომავლობით მერგო ეს პროფესია და ეს თეატრიც, სადაც მამაჩემი მსახიობი იყო, ხოლო ჩემი ძმა – გამნათებელი. მე კულისებში მსახიობების ალერსში და სიყვარულში ვიზრდებოდი. ზეპირად ვიცოდი ყოველი სპექტაკლის ტექსტი, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მეც მსახიობი ვარ და ვმუშაობ გმირ თეატრში, რომელმაც სამშობლოს 10 თანამშრომელი შეწირა, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ძმა!..

ჩემი აზრით, თუ კი რამ წოდებას ანიჭებენ თეატრებს, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას თეატრს ნამდვილად ეკუთვნის ,,ეროვნული თეატრი”-ს სტატუსი და თუ რატომ, ამასაც მოგიყვებით მოკლედ: იმ ავბედით დღეს, როდესაც სოხუმი დაეცა და ქართველებს ქუჩებში განურჩევლად ხვრეტდნენ და აწამებდნენ, თბილისის ერთ-ერთი თეატრიდან დარეკეს სოხუმში, თეატრის ნომერზე იმ იმედით, რომ იქნებ ვინმე გადარჩენილი მსახიობის, ან თანამშრომლის ბედი გაეგოთ, ვინც თეატრს აფარებდა თავს.…პასუხმა არ დააყოვნა. მოხუცმა დარაჯმა ასეთი სიტყვებით უპასუხა ზარს: “სოხუმის კონსტანტინე გამსახუდიას სახელობის ქართული დრამატული თეატრი გისმენთ”!!!!. “გმირი თეატრის გმირი დარაჯი”. ამ ამბავს ლეგენდასავით გვიყვებოდა ჩვენი თეატრის უფროსი თაობა, რომ კარგად გაგვეგო ვისი გორისანი ვართ…

და მას მერე, ჩვენც ამ თეატრის თანამშრომლები ვდგავართ სადარაჯოზე და სიამაყით გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს!!!

ჩვენი თანადგომა უკრაინელ ხალხს და კოლეგებს! გამძლეობას გისურვებთ, ძმებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! დიდება უკრაინასა და საქართველოს! დიდება გმირებს!!!”