22 მარტი, 2022

საუკეთესო წერილი აკაკი ბაქრაძისგან

პუბლიცისტ აკაკი ბაქრაძის წერილები, რომლებიც გასულ საუკუნეშია დაწერილი, XXI საუკუნეშიც საოცრად აქტუალურია:

“…იმას არ ვამბობ, რომ თითქოს წინათ არ იყვნენ ნაძირალები. ცხადია, იყვნენ და არც მცირე რაოდენობით, მატიანეში შენახულია ცნობა, როგორ გაყიდა ერთმა ციციშვილმა დედა უნაგირის შესაძენად.

სამშობლოს ღალატითაც ბევრს მოუთბია ხელი, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხს მისთვის მოწიწებით დაეკრას თავი. სამწუხაროდ, დღეს ეს ხდება და სწორედ ეს არის საშიში. საშიშია ამის მიმართ მოწიწების გრძნობის გაჩენა.

რა ეშველება მოწიწების გრძნობას უღირსობის მიმართ?! პატიოსნება გახდა ტოტალური ირონიის საგანი და ეს არ მომხდარა მხოლოდ იმის გამო, რომ სიმდიდრის სიყვარულმა, სიხარბემ თავბრუ დაგვასხა და წონასწორობა დაგვაკარგვინა, ეს მოხდა იმიტომაც, რომ ავაზაკს უფრო ვუჭერდით მხარს, ვიდრე ავაზაკის მამხილებელს…

პატიოსნებისადმი ირონიული დამოკიდებულება უაღრესად სახიფათო მოვლენაა, რომლის წინააღმდეგ თავგამეტებული ბრძოლაა საჭირო. ეს ბრძოლა იმდენად ძნელია, რამდენადაც ეს ირონია შენიღბულია.

გარეგნულად იშვიათად ავლენს მას ადამიანი, გულში ატარებს ფარულად, გულში ჩამარხული ფარული ირონიის მიგნება და მხილება მხოლოდ მწერლობას შეუძლია…

…ადამიანის მოქმედებას თუ ზნეობრიობა არ განაგებს, ბოროტმოქმედებას ვერავითარი ადმინისტრაციული საშუალებებით ვერ აღკვეთთ…

…მართალია, ცხოვრება მორალურ სენტენციებს არ ემორჩილება, თავისი გზით მიდის, მაგრამ ადამიანის მოვალეობაა ზნეობას არ უღალატოს…”