20 მარტი, 2022

ქეთი ჩხეიძის შესანიშნავი მიმართვა

მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ საგანგებო მიმართვა ჩაწერა და მსოფლიოსში ყველაზე მებრძოლ – უკრაინელ ხალხს მიმართა:

“ჩემო ძვირფასო კოლეგებო! ძვირფასო უკრაინელებო! სამწუხაროდ, არ შემიძლია უკრაინულად მოგმართოთ. მთელი მსოფლიო განიცდის იმ საშინელებას, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება, ყველა შეძრწუნებულია მომხდარით, ოკუპანტების გარდა, მეც მათ შორის საქართველოს მოქალაქე, პროფესიით მსახიობი.

ჩვენ ვტირით, ვლოცულობთ და ყოველთვის თქვენზე ვფიქრობთ, სხვანაირად შეუძლებელია, გული გაგლეჯვაზე გვაქვს, ყველას თქვენს გვერდით ყოფნა გვსურს – სიტყვით, ფულით, იარაღით ხელში, ვისაც როგორ შეუძლია. სამწუხაროდ, თქვენი ულამაზესი ქვეყანა – უკრაინა პუტინის რუსეთის რეჟიმის მსხვეპრლია.

ჩემმა ქვეყანამ არაერთხელ გადაიტანა ეს საშინელება, მაგრამ რაც დღეს თქვენს მიწაზე ხდება, წარმოუდგენელი სისასტიკეა. მარიუპოლისა და ლვოვის თეატრების კადრები ვნახე და ჩემი რუსთაველის თეატრი გამახსენდა. 32 წლის წინ, 9 აპრილს რუსეთმა სისხლიანი დილა გაუთენა თბილისს. მაშინაც თეატრმა შეიფარა თავისი მოქალაქეები. რუსი ჯარისკაცები ალესილი ნიჩბებით მისდევდნენ უდანაშაულო ადამიანებს. მაშინ ძირითადად ქალები დაიღუპნენ, რადგან შიშისგან გაქცევა ვერ შეძლეს. მათ ეწეოდნენ და კლავდნენ. გამახსენდა ერთი ანდაზა: “Сила есть — ума не надо”. სწორედ ეს ბოროტი ძალა სჩადის საშინელებებს თქვენს მიწა-წყალზე.

არა მარტო მე, არამედ მთელი მსოფლიო და ყველა ჯანმსაღად მოაზროვნე გგულშემატკივრობთ. ყველა დარწმუნებულია, რომ უკრიანამ გაიმარჯვა. გაიმარჯვა იმით, რომ დაანახა მსოფლიოს თავისი წესიერება, ერთგულება, სიმამაცე. გმადლობთ ამისთვის. მადლობა იმ მაგალითისთვის, რომელიც მიეცით მსოფლიოს – თუ როგორ უნდა დაიცვა სამშობლო. თქვენი სიმამაცის ყურებით მთელ კაოცბრიობას, განსაკუთრებით, პატარა ქვეყნებს, მათ შორის, ჩემს საქართველოს გაუძლიერდა რწმენა მომავლისა და თავისუფლებისთვის.

მხნედ იყავით, ჩვენო ძვირფასებო! დიდება უკრაინას!”