8 მარტი, 2022

ლიტერატურის საოცარი წინასწარმეტყველებები

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ის, რაც ლიტერატურაში წერია, სულაც არ არის გამოგონილი. ამაში უმცროსი კონსტანტინე გამსახურდიას წერილი დაგარწმუნებთ:

“სცდება, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის, რაც დიდ ლიტერატურაში სწერია, გამოგონილია და რეალურად სამყაროში არ არის.

“დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას…”

წერდა გალაკტიონ ტაბიძე. ეს ლექსი თეთრცხენოსანი მხედრის რესპუბლიკის 26 მაისს ეძღვნებოდა, სამფეროვანი (და არა წითელი) დროშები, დროშები, დროშები ჩქარა. ამ დღეებში ყოველ დღე არ ვუყურებთ ამ “მედგრად დახვედრას”?

არასოდეს მოგვიბრუნდეს ენა 1924 წლის დიდი ეროვნული აჯანყების გმირებზე. იმ 10 ათას მოწამეზე, რომლებიც დაეცნენ მაშინ, ან დახვრიტეს მტარვალებმა: ქაქუცას რაზმზე, მიშა ლაშქარაშვილის რაზმზე, მოსოსტრ დადეშქელიანის და ბიძინა პირველის სვანებზე, გურულების მობილურ ჯგუფებზე, პოლკოვნიკი ცაგურიას თავგანწირულ ბრძოლაზე სამეგრელოში, კოტე აფხაზზე და სამხედრო ცენტრის ოფიცრებზე, ვაკის პარკში რომ დახვრიტეს, გენერალ ვალიკო ჯუღელზე, ნოე ხომერიკზე, გოგიტა ფაღავაზე.

მხოლოდ ერთი კია, რომ ეს 1921 წლის თებერვალშივე იყო გასაკეთებელი. რატომ არ მოხდა ეს მაშინვე… წითლების სოციალ-უტოპისტური დემაგოგიის გარდა ტრაგედია იმაში იყო, რომ ქართველობამ მიხეილ ჯავახიშვილის მიერ აღწერილი მღვდელი, უსაზიზღრესი და უბოროტესი ყაშა ლაზარე და მისი დამპალი თანამოაზრეები მიუხედავად ანექსიის იმ 117 წლისა, ჯეროვნად ვერ გაიცნო: “სადაც ჩვენი ჯარისკაცი დაღუპულა, ის მიწა ჩვენია,” (ანუ ირანის ჩრდილოეთიც კი რუსეთია).

“დიდოსტატის” ფინალურ ნაწილში გიორგი მეფე თავის აღსარება-ანდერძში ამბობს: “ერს, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს, პიპა… რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს”. (მახსოვს, ცოტნემ პოსტში დაამატა “ბრიყვებსაცო”).

მოდით, ეს აზრი შევაბრუნოთ წართქმითად: “ერი, რომელიც ბრძოლისთვის და თავდაცვისთვის მზადაა, მაინც გაიმარჯვებს, გინდაც ჩვეულებრივი, ელემენტარული გაგებით პატიოსანი ადამიანი ჩაუდგეს სათავეში”.

ამიტომაც მოეშვით სხვის თვალში ბეწვის და ხიჭვის ძებნას.”