8 თებერვალი, 2022

ზვიად გამსახურდია დავით აღმაშენებელზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასთვის ერთ-ერთი უძლიერესი მეფე – დავით აღმაშენებელი ყველაზე მისაბაძი ადამიანი იყო:

“… ჩემთვის იდეალი იყო და არის აღმაშენებელი იმ გაგებით, რომ დავითი ომშიც კი დადიოდა წიგნებით. თვით უსასტიკეს, უკიდურეს ომშიც ყოველთვის მოჰყვებოდნენ წიგნისმტვირთველნი. საფარში მჯდარიც კი ამუშავებდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებას.

ერთხელ კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს თურქებმა. საფარში შეუვარდნენ, როცა გართული იყო ამ თეოლოგიური თხზულების დამუშავებით. ეს უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავველურდებით, აღარ ვიქნებით ცივილიზებულნი.

იმპერია ყველანაირად ცდილობს, რომ ჩვენ ჩაგვაბას ომში, ჩაგვაბას ისეთ ცხოვრებაში, რომელიც მოწყვეტილია სულიერებასაც, განათლებასაც, კულტურასაც, ველურ ერად გვაქციოს. არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა დაპყრობილი ერი. ეს არის ლიბანიზაციის არსი, რომ ერები შეაჯახონ ერთმანეთს და დაავიწყონ ყველაფერი, გარდა ეთნიური შუღლისა, არსებობისთვის ბრძოლისა. ეს არის იმპერიის მიზანი და ჩვენ ეს არ უნდა დავანებოთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სულიერი კულტურა, ჩვენი აზროვნება, ჩვენი მეცნიერება. ეს ყოველივე უნდა შევათავსოთ პოლიტიკურ და სხვა მოღვაწეობასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩვენს ტრადიციებს მოვწყდებით და სხვაგვარი ერი ვიქნებით. აღარ ვიქნებით ის ერი, რომელმაც შვა დავით აღმაშენებელი, რომელმაც შვა ვახტანგ VI და თამარ მეფე.

ძველი ქართველებისგან ჩვენ იმით განვსხვავდებით, რომ ძველი ქართველობა ეს იყო უაღრესად სულიერი მსოფლმხედველობის ერი. ამ იმპერიულმა მონობამ ჩვენში სწორედ ეს ჩაახშო და მატერიალურმა საწყისმა წამოიწია წინა პლანზე. ამ პატარა ქვეყანაში 20 ათასი ეკლესია შემორჩა და გაცილებით მეტი იყო. სულით ცხოვრობდა ეს ერი და სული იყო პირველი…”