27 თებერვალი, 2022

უჭკვიანესი დიმიტრი თუმანიშვილი

ხელოვნების ისტორიკოსი დიმიტრი თუმანიშვილის წერილების, ჩანაწერებისა და რეცენზიების გაცნობა ერთი დიდი სიამოვნებაა. არანაკლებ სასიამოვნო იყო მის ლექციებზე დასწრება.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს დიმიტრი თუნამუშვილის ერთ-ერთი ლექციიდან:

“ჩვენ გავიარეთ ამ საუკუნეში 100 წელწადში ოთხი ეპოქა: პირველი – ეს არის კუდი რუსეთის იმპერიაში ყოფნის, შემდეგ მოკლე ეპიზოდი სამწლიანი საქართველოს დამოუკიდებლობისა, შემდეგ 70-წლიანი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა, ბოლოს იმ საუკუნისთვის 10-წლიანი დამოუკიდებლობა, რომელსაც ებმის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა.

მე, პირადად ვთვლი, რომ კულტურულ-ისტორიულად მე-20 საუკუნე ჯერ არ დამთავრებულა ჩვენ, იქ ვართ. როდესაც ლაპარაკობენ, რომ რაღაცა შეიცვალა 1990 წელს, ეს არა არის სიმართლე. კი არ შეიცვალა, გამოჩნდა ის, რაც დამართა საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს და კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვა, რაც ქართველმა საბჭოთა პირობებში თავს უფლება მიცა თავს დაიმართოს – ის გამოჩნდა 1980 წელისთვის.

ის უბრალოდ თვალს ეფარებოდა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ წინა ეპოქის რევოლუციამდელი ადამიანები არსებობდნენ. როდესაც ისინი წავიდნენ, დარჩა შიშვლად მხოლოდ ის ხალხი, ვინც დაიბადა საბჭოთა კავშირის დროს. აი, ეს არის რაც ჩვენ დღეს გვაქვს.

ასე რომ, ჩვენ ჯერჯერობით ვართ მხოლოდ და მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცე და მეტი არაფერი. ის კი, სამწუხაროდ, დიდწილად აგრძელებს სწორედ იმას, რაც იქიდან მოდის.

ძალიან, ძალიან ძნელად ხდება იმ ცვლილებების ჩამოყალბება იმ “სხვისა”, რაც კარგი იქნებოდა. იმედია მომავალი თაობა ამას შეძლებს.”