11 თებერვალი, 2022

სასიამოვნო ამბავი ლეილა აბაშიძეზე

მსახიობ ლეილა აბაშიძეზე ძალიან სასიამოვნო ამბავი მწერალმა ნიაზ ზოსიძემ გაიხსენა:

“კარი გამოვაღე, რას ვხედავ… ჩემს წინ ღიმილგადაფენილი ლეილა აბაშიძე დგას…

– თვალი ხომ არ მატყუებს?! – ხელისგულები ამოვისვი.

– არა, არ გატყუებს, მე ვარ, შემომიშვი სახლში, მეშინია გული ბუდიდან არ ამომივარდეს, სადღა შემიძლია ფეხით მესამეზე ამოსვლა, ყავა გაქვს?

– კი მაქვს, მაგრამ მოდუღება არ ვიცი.

– მეუღლემაც არ იცის?

– კი, მაგრამ ბავშვებთან ერთად სოფელში ისვენებს.

– სირცხვილი შენ! კაი, მე მოვადუღებ.

…რამდენიმე დღის უკან გაზეთ ,,აჭარისთვის” ლეილასთან ინტერვიუ ჩავწერე, კარგი გამოვიდა, სკანდალურიც, მიხაროდა, ქალაქი კარგხანს ამაზე ილაპარაკებს-მეთქი…

…ნელ-ნელა ვწრუპავთ ყავას ღვთივკურთხეული ,,ჭრიჭინა” და მე… მინის ჭიქებში კონიაკი ჩავალიკლიკე და სადღეგრძელო ვთხოვე, თქვენ გაგიმარჯოთ, თქვენს ნიჭს, შემოქმედებას, სილამაზეს, თავი სიზმარში მგონია, ვის დავაჯერებ ლეილა აბაშიძე მყავდა სტუმრად-მეთქი…

– მიდი, ეზოში გადაიხედეო, – მანიშნა სახეამზევებულმა, გაფრენილი წარბებით…

აღტაცებისგან დავმუნჯდი. ეზოში ასამდე მეზობელი იდგა. ლეილას კითხვა-კითხვაში, ზოსიძე სად ცხოვრობსო, კი შეკრებილან. ხომ მალე ჩამოვაო, მეზობლებმა, კი-მეთქი, თავი დავუქნიე.

– ნიაზ, სათხოვნელად გესტუმრე, რედაქციაში დაგელოდებოდი, მაგრამ იქნებ სულ არ მოვიდეს-თქვა და სახლში დაგადექი. ხვალ თბილისში მივდივარ და ინტერვიუსთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა.

– გისმენთ, ქალბატონო ლეილა.

– ბევრი არსათქმელებიც გამეპარა და იქნებ ამოვიღოთ, ვინმეს გული არ ვატკინოთ, ძველი, პირადული ამბების ქექვა ულამაზო მგონია მაინც.

– თუ გინდათ, სულ არ დავბეჭდოთ, ქალბატონო ლეილა!

არასოდეს არ დამავიწყდება ულამაზეს და უსათნოეს ლეილას შეფაკლული ღაწვები, აელვარებული თვალები…
– ღმერთმა გაგახაროს, ნიაზ, ე.ი. ტყუილად არ მოვსულვარ…

სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ღვთისმშობლის ხატი ვაჩუქე ღვთისმშობელივით ლამაზ ლეილას…
მეზობლების ხვევნა-კოცნა-მოფერებაში, მქუხარე ტაშით გამოვიარეთ ეზო… მალი-მალ თვალებს აკვესებდა მომღიმარი ლეილა..

რამდენიმე დღის შემდეგ, სულგანათლებულმა სიცილის დედოფალმა მზია კვირიკაშვილმა მითხრა, ასე რით გაახარე ლეილა აბაშიძე, სულ თბილად რომ გიხსენებსო…

იმ დღეს რა დამავიწყებს!..”