22 თებერვალი, 2022

რეზო ლაღიძის ყველაზე უცნაური ამბავი

კომპოზიტორ რეზო ლაღიძის ცხოვრებაში ყველაზე უცნაური ამბავი შუაღამისას ცეკაში ჩაბარებას უკავშირდება.
ხელოვანი ამ შემთხვევას თავის მოგონებებში იხსენებდა:
შუაღამისას ცეკაში დაუბარებიათ. ოჯახის წევრები გულგახეთქილები ეკითხებოდნენ, რაში იყო საქმე.

– არაფერი დამიშავებია და არაფერი ისეთი ალბათ, – ამშვიდებდა მათ.

მართალიც გამოდგა. ცეკას პირველ მდივანს რადიოლაში “თბილისო” მოუსმენია და გადაწყვიტა, პატივი ეცა.
დაჟინებით ითხოვდა, მითხარი რა გჭირდება და რა გაგიკეთოთო.

– არაფერი ბატონო, მადლობა, კარგად ვარო, – პასუხობდა.
– არა, რაღაც მაინც იქნებაო! – არ ანებებდა თავს.
– მართლა არაფერი მინდა და რა გითხრათ?!
– ეგრე არ გამოვა, აუცილებლად უნდა გვითხრა რამე, რა გაგიკეთოთო.
ცოტა უფიქრია დიდებულ კომპოზიტორს და უთქვამს:

– მაშინ, რაკი ეგრეა, თბილისში ერთი რესტორანი მაინც დატოვეთ, დილამდე რომ ღია იყოსო.

და მართლაც – რესტორანი ,,დარიალი” სულ ღია იყო მთელი დღე და ღამე…”