25 თებერვალი, 2022

ერეკლე მეორის შვილი ალექსანდრე ბატონიშვილი რუსეთზე

მეფე ერეკლე მეორის ვაჟმა – ალექსანდრე ბატონიშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სამეფოს აღსადგენად მაშინვე დაიწყო, როგორც კი ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა.

ალექსანდრე ბატონიშვილი რუსეთ-ირანის 1804-1813 წლების ომის დროს თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად რუსეთის დასამარცხებლად იბრძოდა. ამავე დროს წერილებს უგზავნიდა რუსეთის მოხელეებს და ჰპირდებოდა, თუ ქართლ-კახეთის სამეფოს აღადგენდნენ, ბრძოლას შეწყვეტდა.

1812 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე ბატონიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და კახეთის აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. აჯანყების დამარცხების შემდეგ დაღესტანში გაიქცა. იგი მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის 1826-1828 წლების ომშიც. რუსეთის გამარჯვების შემდეგ ოჯახთან ერთად თურქეთის ტერიტორიას შეაფარა თავი.

1832 წელს შეთქმულების მონაწილეებს საქართველომ მეფედ ალექსანდრე ბატონიშვილის მოწვევა სურდათ. სამწუხაროდ, შეთქმულება მოღალატეებმა გასცეს. ამით წერტილი დაესვა ქართველთა თავგანწირულ მცდელობას, შეიარაღებული აჯანყების გზით თავი დაეღწიათ რუსეთის იმპერიის ბატონობისაგან და შელახული ეროვნული ღირსება აღედგინათ.

სიცოცხლის ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა. იგი თეირანში გარდაიცვალა და იქვე – სომხური ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

ერეკლე მეორის ვაჟი – ალექსანდრე ბატონიშვილი ვერ მოისყიდეს რუსებმა. იგი “ერთმორწმუნე” რუსებზე წერდა:

“განვლილმა დრომ დაგვანახა, რომ ჩვენი და რუსეთის ერთად ცხოვრება არ მოხერხდება… არაფერი წმინდა მათთვის არ არსებობს. დიდი და პატარა ტყუის. ხალხს ატყავებს, სიტყვის გატეხვა არაფრად უღირთ.

მაგათთან შედარებით ყიზილბაშები ანგელოზები არიან. ჩვენ ხომ არ მივსულვართ მათთან, ისინი მოგვიცვივდნენ და მოსვენებას არ გვაძლევენ. ჩვენ ცოლ-შვილსა და ოჯახებს ვიცავთ, მშობლიურ მიწას და სახლ-კარს. ამათთან მრუდისა და მართლის გარჩევა არ არსებობს…”