4 იანვარი, 2022

გრიგოლ რობაქიძის დიდებული წერილი

მწერალ გრიგოლ რობაქიძის არქივში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ესე, წერილი და ჩანაწერია.

“არტინფო” მის ესეს “ივანე ჯავახიშვილი” გთავაზობთ:

“,1907 წელს საქართველოს დედაქალაქში ქართველი სწავლული მოხსენებას კითხულობს. თეატრში ტევა აღარაა. მსმენელთა შორის იმყოფება დიდი ქართველი – ჭავჭავაძე ილია, რომლის თანდასწრება მთელს კრებას საზეიმო იერსა ჰფენს.

მომხსენებელი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ხოლო გონებით უკვე მოწიფული. სწორი, კეთილმოყვანილი სახე, მყუდრო ძლიერების მეტყველი. უბადლო შუბლი, გონიერების ნათელ სათავსად ნაკვეთი. გამოხედვა ღრმა: თითქო ჰინდური, რომელიც პირველივე ღიმილით ქართულ ხალას ხიბლად იფრქვევა… მორიდებული უფრო, ვიდრე უკარებელი… უდრეკი, ურყევი… მტკიცე და მყარი… ლაპარაკობს ნელა, პაუზებით: ეტყობა სწონის და ზომავს ნათქვამს… სიტყვა თითქო არ ემორჩილება – ალბათ ცდილობს, არც მეტი თქვას და არც ნაკლები. არც ერთხელ ხმის ამაღლება: ნააზრის ცხადება ისე გულისხმიერია მისი.

დამსწრენი გულდასმით ისმენენ ყოველ სიტყვას მომხსენებლისას – და გრძნობენ თანდათან: რომ მათში რაღაც იზრდება ნელ-ნელ, ანუ უკეთ – რაღაც იმართება – მზე ტკბილი და ძალის მომგვრელი. საქართველოს ხერხემალი? სწორედ ეს და მხოლოდ ეს.

თავდება მოხსენება. მსმენელნი აღფრთოვანებით აცილებენ ახლად მოვლენილ სწავლულს, ხოლო თვალი მაინც ილიას მიმართ უჭირავთ: უნდათ გაიგონ, თუ რას ფიქრობს დაუღალავი მოურავი საქართველოს კულტურისა. ნელი, მოკლე, შინაგან აღვივებული სიტყვით მცნევს დიდი ქართველი ირგვლივ თავმოყრილთ თავის გახარებას.
ილიას სიტყვა ედება მთელ კრებას, – რიგიდან რიგებს – ვითარ მადლით განფენილი დასტური. სიხარული თანდათან მატულობს. ბოლოს, ეს ,,განაჩენი” მომხსენებელსაც სწვდება. მის მშვიდ სახეს ნათელი ეფინება – თითქოს ჰსურს გამხნევებულს გასძახოს ხევსურულად “ჯანი მამიმატის!” ახალგაზრდა სწავლული ივანე ჯავახიშვილია… მან პირნათლად გაამართლა კურთხევა დიდი ილიასაგან იდუმალი გზით მიღებული: და ამით უკვდავყო თავისი პიროვნება ქართველი ერის დაუშრეტელ წიაღში…

ზემოხსენებულ მოხსენებას ივანე ჯავახიშვილისა მე არ დავსწრებივარ: იმჟამად უცხოეთში ვიყავ. თუ როგორ შეხვდა ამ მოხსენებას ილია ჭავჭავაძე – ეს ამბავი გაგონილი მაქვს განსვენებულ ვალერიან გუნიასაგან.”