18 იანვარი, 2022

ელენე ბაქრაძე (დარიანი) – ამორალურად შერაცხული პოეტი

პოეტი ელენე ბაქრაძე (დარიანი) ამორალურ პოეტად მისი ეროტიული ლექსების გამო შერაცხეს.

ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან მდგარი პოეტის ვინაობის შესახებ ორი განსხვავებული მოსაზრება არსებობს – პირველი ვერსიით, ელენე დარიანი იყო პაოლო იაშვილის ლიტერატურული მისტიფიკაცია, რომელსაც პოეტმა ეროტიკული შინაარსის მქონე მისი 14 ლექსი მიაწერა. მეორე ვერსიით, კი ელენე დარიანი იყო რეალურად არსებული პიროვნების, ელენე ბაქრაძის ფსევდონიმი.  მას პაოლო იაშვილთან რომანტიკული და შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა.

მან და პაოლო იაშვილმა ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს, მაშინ პაოლო 18 წლის იყო, ელენე – 15 წლის.

მათი ურთიერთობების რომანტიკულ ხასიათზე ელენე ბაქრაძის არქივში შემორჩენილი პაოლოს წერილები ადასტურებს. ბაქრაძის და იაშვილის მეგობრობა ორივე მათგანის დაოჯახების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა. ბაქრაძე დაქორწინდა შალვა ბერიშვილზე, შემდეგ — შალვა ქართველიშვილზე. ელენე ბაქრაძე ბევრი მისი მეგობრისგან და მეუღლისგან განსხვავებით საბჭოთა რეპრესიებს გადაურჩა. წლების განმავლობაში ის რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა  თბილისის კონსერვატორიასა და ლიტერატურის ინსტიტუტში. საკუთარი სახელით გამოქვეყნებული ლექსებიდან მხოლოდ ერთი, „გათავდა ნადიმია“ ცნობილი, რომელიც 1920-იან წლებში გამოქვეყნდა.

ელენე ბაქრაძეს ეკუთვნის რამდენიმე მოგონება, რომელშიც ის აღწერს მას და პაოლო იაშვილს შორის მეგობრობასა და ლიტერატურულ თანამშრომლობას და ჰყვება, თუ როგორ წერდა ის ლექსებს და როგორ არედაქტირებდა მათ პაოლო.

1915 წელს იაშვილმა ქუთაისში საჯაროდ წაიკითხა ეროტიკული შინაარსის ლექსი, რომელიც ერთ-ერთია ლიტერატურაში „დარიანული ციკლის“ სახელწოდებით ცნობილი 14 ლექსიდან. ამ ლექსების ავტორად იაშვილმა ვინმე ელენე დარიანი დაასახელა და საზოგადოებას ავტორის დაუსწრებლობის გამო ბოდიშიც მოუხადა. ლექსების შინაარსი თამამად გადმოსცემდა ქალის ეროტიკულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს, რამაც ბევრი დამსწრე აღაშფოთა. ერთმა ქალმა მსმენელმა დარბაზიც დატოვა.

„ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს… სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება, არც სინაზე. ტლანქია და ის ჩვენს პოეზიას არაფერს მატებს“, — წერდა გაზეთი „სამშობლო“.

„ცისფერყანწელები“ დარიანის პოეზიას დადებითად შეხვდნენ. დარიანის ლექსები პაოლო იაშვილის კრებულში დაიბეჭდა რეპრესირებული პოეტის რეაბილიტაციის შემდეგ. ამიტომაც ითვლებოდა, რომ ელენე დარიანი იაშვილის მიერ მოგონილი პიროვნება, ლიტერატურული მისტიფიკაცია იყო, რომელსაც საკუთარი ლექსები მიაწერა. ერთ-ერთი არგუმენტად მოჰყავდათ ლექსების მხატვრულ-სტილისტური ნიშნები, თუმცა თავად იაშვილს სიცოცხლეში არასდროს უთქვამს, რომ ლექსების ავტორი თავად იყო.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ლიტერატურთმცოდნემ გიორგი ჯავახიშვილმა ელენე ბაქრაძის არქივის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ წამოაყენა მოსაზრება ელენე დარიანისა და ელენე ბაქრაძის იდენტურობის შესახებ. არქივის მასალების მიხედვით, ბაქრაძე ადასტურებდა „დარიანული ციკლის“ ლექსების ავტორობას, პაოლო იაშვილი კი მის თხზულებებს რედაქტირებას უკეთებდა.

პორნოგრაფიულად შერაცხულ ლექსებზე სხვადასხვა პერიოდიკაში მალე გაჩნდა პაროდიები და კარიკატურები. ბევრი მიიჩნევდა, რომ მსგავსი სახის ლექსები ქართველი ქალისთვის მიუღებელი იყო და მის “ბუნებასთან” წინააღმდეგობაში მოდიოდა.

პირად წერილებში ელენე იგონებს, რომ პაოლოს პირველად დორიანი შეარქვა. თუმცა პაოლოს ეს სახელი არ მოეწონა, ამიტომ ერთობლივი შეთანხმებით გაჩნდა ახალი სახელი „დარიანი“. შემდგომში ისინი ერთმანეთს ამ ფსევდონიმით მიმართავდნენ.

ელენე ბაქრაძე 82 წლის ასაკში 1979 წელს გარდაიცვალა.