25 იანვარი, 2022

დავით მურაჩაშვილი – მხატვარი და მომღერალი – სცენას უბრუნდება

მხატვარი დავით მურაჩაშვილი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. მას ჯერ კიდევ საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდში სურდა გამოფენა “სამყარო ხელისგულზე” იტალიასა და საქართველოში გაემართა, თუმცა პანდემიამ მისი გეგმები შეცვალა. შესაძლებელი იყო ონლაინგამოფენის მოწყობაც, მაგრამ დავითმა გადაწყვიტა, თავისი დებიუტი საგამოფენო კედლებში მოსულ დამთვალიერებლებთან ერთად შემდგარიყო:

“ეს იქნება გამოფენა შემოქმედებითი შოუს ელემენტებით – ჩემი მეგობრები და მოწვეული სტუმრები საქართველოდან თუ უცხოეთიდან ჩემთან ერთად შესანიშნავ საღამოს შესთავაზებენ გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს.”

დავით მურაჩაშვილის საგამოფენო კოლექციაში ისეთი ტილოებიც ინახება, რომლებსაც მხატვარი არასდროს არ გაყიდის და მათი ნახვა მსურველს მხოლოდ გამოფენაზე შეეძლება.

ხელოვანი გამოფენაზე წარადგენს მის მიერ შექმნილ რამდენიმე ე.წ. აპლიკაციასა და უნიკალურ მინანქრულ ნამუშევრებს. საქართველოს შემდეგ კი გამოფენა იტალიაში გადაინაცვლებს:

“სულ თავიდან ჩემი პირველი გამოფენა სწორედ იტალიაში იყო ჩაფიქრებული, თუმცა გეგმები შეიცვალა და, ასე ვთქვათ, საგამოფენო სერიას საქართველოდან ვიწყებ. ჩემი ნახატები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ასე რომ, მსურველს შეუძლია ნებისმიერ დროს მომმართოს.”

აქვე უნდა ითქვას დავითის მუსიკალური კარიერის შესახებაც: მის მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერა “ბერიკაცი” XX საუკუნის ოქროს ფონდშია დაცული:

“გადავწყვიტე, სცენას დავუბრუნდე – რამდენიმე სიმღერა იწერება და იმედია, მალე ჩემს მსმენელს განახლებული რეპერტუარით შევხვდები,” – აღნიშნა დავით მურაჩაშვილმა, რომელიც “ერისიონის” მომღერალი გახლდათ.

გამოფენა “ბილთმორში” გაიმართება და 10 დღეს გასტანს. კონკრეტული თარიღი კი რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი.

 

აპლიკაცია

მინანქარი

ნახატები