10 იანვარი, 2022

“ჩაკრულოს” ულამაზესი ძეგლი გურჯაანში

გენიალურ ქართულ სიმღერას “ჩაკრულოს” გურჯაანში ძეგლს დაუდგამენ. ნამუშევრის ავტორი მოქანდაკე ირაკლი ჟვანიაა.

“ჩაკრულო” იმ 27 უნიკალურ ჩანაწერს შორის მოხვდა, რომლებიც ნასამ კოსმოსში გაუშვა. სიმღერას საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ასრულებს ანზორ კავსაძის ხელმძღვანელობით, სოლისტები კი როსტომ საღინაშვილი და ილია ზაქაიძე არიან.

ინფორმაცია ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით მომღერალ როსტომ საღინაშვილის შვილმა თამარ საღინაშვილმა გაავრცელა:

“ეს პოსტი ჯერ კიდევ ახალ წლამდე დავწერე. მერე მამას მდგომარეობა უფროდაუფრო დამძიმდა და სურვილიც აღარ მქონია რამის დაწერის.

არც ახლა ვართ კარგად. მაგრამ ყველა ჩვენს დაწყებულ საქმეს გაგრძელება უნდა. და გავაგრძელებთ. ისევ მამასთვის.

ამ სიტუაციაში ასე თუ რამე გამახარებდა, ვერ ვიფიქრებდი.
გურჯაანში “ჩაკრულოს” ძეგლი დაიდგმება.
ეს უკვე რამდენიმე თვეა ვიცით.
ჩვენი სურვილიც ეს იყო, მაგრამ მართალი გითხრათ, ვერ წარმომედგინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ანუ მხატვრულ ფორმაში გადმოსაცემად ცოტა რთულად მეჩვენებოდა ეს ამბავი.

ბატონმა ირაკლიმ რომ დამირეკა და მითხრა, მე მონუმენტის ავტორი ვარ და ესკიზებს გამოგიგზავნითო, ჯერ ძალიან გამეხარდა, მერე კი ასე ვთქვათ, გულმა რეჩხი მიყო, რომ არ იყოს კარგი, რა უნდა ვუთხრა მეთქი ავტორს.
ტყუილად, ზრდილობის გულისთვის მოწონება არ შემიძლია. თან ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რასაკვირველია, გვინდა, მოგვწონდეს.
მეილი რომ მივიღე, ცოტა დავაყოვნე გახსნა.
მეშინოდასავით…
უკვე მიხვდით ალბათ, რომ ჩემი შიში რომ გამართლებულიყო, ამ პოსტსაც არ დავწერდი.
გავხსენი და…. შემომანათაააა
ნახეთ, რა ლამაზი და თემატურია, არაჩვეულებრივია…
და შთამბეჭდავი…
ისეთია, გვერდს რომ არავინ აუვლის…
ჯერ თვალს გაახარებს…
მერე დააინტერესებს…
მიიზიდავს…
და რომ მიუახლოვდები და უცებ “ჩაკრულო” აგუგუნდება, ისეთი ემოციური მომენტი იქნება, არასოდეს რომ დაავიწყდება ადამიანს.

მადლობა თქვენ, ბატონო ირაკლი!
ეს მონუმენტი გურჯაანის განახლებულ პარკში დაიდგმება.
ამ რაიონს უამრავი კარგი მომღერალი ჰყავდა და ჰყავს.
გურჯაანი ღვინის ქალაქად არის აღიარებული.

მე კი ვფოქრობ, რომ გურჯაანი ღვინის და სიმღერის ქალაქია და ჩვენი სიმღერისა და ღვინის სახლი “ჩაკრულო”, რომლიც მოწყობასაც ჩვენს სახლში ვგეგმავთ, სწორედ ამ კონცეფციის რეალური განხორციელება იქნება.

მადლობებს, რომლებიც მინდა დავწერო ამ და სხვა კარგ საქმეებში მხარდამჭერი, ქართული კულტურის მოამაგე ადამიანების მიმართ, რომელთა უშუალო ძალისხმევითაც ხორციელდება ეს პროექტი, ცალკე პოსტს მივუძღვნი.

ჯერ კი ამ სილამაზით დატკბით…”