5 დეკემბერი, 2021

რეზო გაბრიაძის პირველი და უკანასკნელი სპექტაკლი

რეჟისორმა რეზო გაბრიაძემ გარდაცვალებამდე კიდევ ერთი ახალი სპექტაკლი დადგა, რომელიც ამავე დროს მარიონეტების თეატრის რეპერტუარში პირველია. 1981 წელს – 40 წლის წინ რეზო გაბრიაძის თეატრის ისტორია დაიწყო სპექტაკლით “ალფრედი და ვიოლეტა” და ეს სპექტაკლი ისევ ბრუნდება.

სპექტაკლი “ალფრედი და ვიოლეტა” კვლავ უბრუნდება სცენას, ოღონდ უკვე ახალი სახით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზო გაბრიაძემ სრულიად განაახლა პიესა, დაამატა მას ახალი გარემოებები და გმირები, შექმნა პერსონაჟებისა და დეკორაციების ესკიზები, რომლებიც დაედო საფუძვლად ახალი სპექტაკლის სცენოგრაფიას.

ჩანაფიქრი ბოლომდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლეო გაბრიაძემ მიიყვანა, სწორედ ის არის ახალი დადგმის რეჟისორი.

ამჯერად, ალფრედისა და ვიოლეტას მარადიული სიყვარულის ისტორია, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმა-შვილის რომანიდან “ქალი კამელიებით” და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა” 90-იანი წლების თბილისში ვითარდება და მათ სიყვარულს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს…

სპექტაკლის მოქმედება თბილისში, მთაწმინდაზე, აგრეთვე მილანში, ხაშურში, რომში, აბასთუმანში, ვენეციასა და დიღომში ვითარდება.