ჯემალ ქარჩხაძის საუკეთესო ჩანაწერი

ჯემალ ქარჩხაძის საუკეთესო ჩანაწერიმწერალ ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მის ერთ-ერთ ნაწარმოებს “ანტონიო და დავითი”.

“არტინფო” პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ამონარიდს გთავაზობთ:

“გეშინია. და თუ ყელს გამომჭრი, ამასაც შიშის გამო ჩაიდენ. კაცი კაცს მხოლოდ იმიტომ ჭრის ყელს, რომ ეშინია. კაცს იარაღი მხოლოდ იმიტომ დააქვს თან, რომ ეშინია.

კაცი სიავეს მხოლოდ იმიტომ სჩადის, რომ ეშინია. ბოროტებას ბოროტი კაციც ისე თვლის უსამართლობად, როგორც კეთილი და არც ჩაიდენდა, შიშს რომ ლაჩრად არ ექცია.

ლაჩარი და ბოროტი ერთი და იგივეა. შიში ყველა ადამიანს დაბადებითვე თან დაჰყვება, მაგრამ ზოგს ჰყოფნის გამბედაობა, თვალი გაუსწოროს თავის შიშს, ზოგს არა. ვისაც არ ჰყოფნის, ის ლაჩარი და უსამართლო ხდება. თანდაყოლილი შიში სიკვდილის შიშია და, ვინც შიშს ბატონად გაიხდის, მას ყველაზე მოსაფრთხილებელი ამქვეყნად თავისი სიცოცხლე ჰგონია. შენ რომ იცოდე შენი სიცოცხლე იმაზე მეტი არა ღირს, ვიდრე სხვისი, განა მაშინაც მოკლავდი კაცს! ჩვენ ყველანი მშიშრებად კი ვიბადებით, მაგრამ ლაჩრები არა ვართ. შენ ლაჩარი გამოდექი და შიშის დაძლევას შიშის დამალვა ამჯობინე. რადგან შიშის დამალვა უფრო ადვილია ვიდრე შიშის დაძლევა, მოკვლა უფრო ადვილია, ვიდრე გადარჩენა, გაძარცვა უფრო ადვილია, ვიდრე დახმარება, წაქცევა უფრო ადვილია, ვიდრე წამოყენება, სიძულვილი უფრო ადვილია, ვიდრე სიყვარული.

შენ შენს თანდაყოლილ შიშს ვერ გაუძელი, ლაჩრად იქეცი და იოლი გზა აირჩიე. შენ ყველაფრის გეშინია, რაც შენს გარეთაა, ამიტომ ცდილობ, რაც შენს გარეთაა, ყველაფერი მოსპო, მაგრამ ეს შეუძლებელია. თავს არ უტყდები, თორემ თავადაც იცი, რომ ეს შეუძლებელია. მთელი ქვეყანა, რომ მონად გაიხადო, შენს შიშს მაინც არაფერი ეშველება. ეს კი იცი, მაგრამ გგონია, რომ, თუ შენს საცოდავ შიშს ზემოდან სხვათა სიცოცხლე დააყარე, სხვათა ტანჯვაში, სხვათა უბედურებაში გაახვიე, რაკი ვეღარ დაინახავ, თავსაც მოიტყუებ, ვითომ აღარც არსებობს. მაგრამ შენი მცდელობა მხოლოდ შენს უსუსურობას ადასტურებს.

შენ ხომ არაფერი ისეთი არ ჩაგიდენია, რასაც შეგიძლია სიმამაცე უწოდო! შენ ხომ მუდამ მხოლოდ იმას ჩაგრავდი, იმას ძარცვავდი და იმას კლავდი, ვისი დაჩაგვრა, ვისი გაძარცვაცა და ვისი მოკვლაც ადვილი იყო! შენ ხომ ყოველთვის უხიფათო გზებს ეძებდი! შენზე უფრო ძლიერს რომ გადაეყარო, ხომ მაშინვე სამალავს დაუწყებ ძებნას! შენი შიში ცოცხალია და არ იქნება ერთ მშვენიერ დღეს მთელი ძალით არ ამოხეთქოს, სისხლში და ხორცში არ გაგიჯდეს და მთელი შენი საცოდავი არსება თხემით ტერფამდის, თმის ძირებადის შიშად არ აქციოს!

შენ ცდილობ, ყველა მონად გაიხადო, თავად კი საკუთარი შიშის მონა ხარ და მუდამ იმას აკეთებ, რასაც შიში გიბრძანებს. მალე შენი მბრძანებელი ჯურღმულიდან ამოვა, თავზე დაგადგება და თვალს თვალში გაგიყრის. მაშინ ნახავ, რა ყოფილა ის შიში, სხვებისთვის რომ ასე გულუხვად იმეტებდი! ადრე თუ გვიან წინ შეგეყრება და ისეთ ადგილას გიყელებს, გასაქცევი არსაით გექნება. ყველაზე დიდი შიში მერე გელის, მას შემდეგ, რაც სიკვდილის შიში მოგკლავს. ყველაზე დიდი შიში მაშინ გელის, როცა შენი ცოდვები მატლებივით დაგეხვევა და შენი სული შვების სამყოფელში შვებას ვერ ჰპოვებს…”