6 დეკემბერი, 2021

გია ფერაძის აღსარება

მსახიობმა გია ფერაძემ თავისი ხანმოკლე ცხოვრება უდიდეს ტანჯვაში განვლო – საყვარელი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა, წლები ციხის კედლებში გაატარა და შერყეული ჯანმრთელობით 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პატიმრობაში უმძიმეს პირობებში ყოფნამ მსახიობს ხელში კალამი ააღებინა და ლექსების წერა დაიწყო:

“ჩემსავით მარტო, მოწყენით,
ჩემსავით განმარტოებით,
ციხის კედლებშიც იზრდება
წითელი ყაყაჩოები.
შორიდან ჩუმი ალერსით,
სარკმლიდან ფრთხილად ვდარაჯობ.
ალბათ ცოტა აქვს მისჯილი
ამ ჩვენი ზონის ყაყაჩოს.
სხვაობა იცით რაშია!
და განსხვავება რა არის?
პატიმარ ყაყაჩოს ზემოთ
ვეებერთელა ცა არის,
მე კი, რამდენი ხანია,
ვარამს ჩემს გულში ვინახავ.
არც მზე და არც ვარსკვლავები,
წლებია რაც არ მინახავს.
მე და ყაყაჩო ერთნი ვართ,
სიკეთისაკენ მარები.
ორივე ცოდვის შვილი და
ორივე პატიმარები…”